ბლინის ხვრელიდან დანახული სამყარო.

-რა არის ეს ტკბილი არაა.

-რა არაა ტკბილი?

-რა და ბლინი.

-როგორ შაქარი გავუკეთე.ტკბილია!

-ოოო,არაა-მეთქი.

და იმის დასამტკიცებლად,რომ ბლინი ტკბილი იყო ავიღე და გავსინჯე… “მართლა არ ყოფილა ტკბილი, შეიძლება სულ ოდნავ.”-გავიფიქრე,მაგრამ არ ვაღიარე.

-რა გინდა, ტკბილია.

შევნიშნე ბლინს პატარა ხვრელები ჰქონდა, ჰოდა ერთ-ერთში ჩემი ყოვლისმხედველი თვალით გახედვა ვცადე.

Continue reading

სიბერე

რამდენიმე წუთი და შენ დაბერდი.. რამდენიმე წუთმა შეგცვალა, შეცვალა,დაანგრია შენი სათუთად ნაშენები სამყარო,ასე რომ უფრთხილდებოდი. ყველაფერი შეიცვალა და ამას მხოლოდ შენ ამჩნევ,შენ დაბერდი და გრძნობ როგორია სიბერე.. ახლა თითქოს არც იცი რას ელოდო და საით წახვიდე. შენ დაბერდი და სწორედ ესაა სიბერე,ისეთია, როგორიც წარმოგედგინა.

მიუყვები გზას.. არაფერი შემორჩა შენი მოგონებებიდან. ცდილობ თვალები მაგრად დახუჭო,რომ ხილულმა არ წაშალოს ძველი. ისევ შენ და უამრავი ძველი.. ახალს კი ხელს ჰკარი და გაექეცი. ცვლილება,რომლისთვისაც მზად არ იყავი. ცვლილება,რომელმაც დაგაბერა. ისმის აღიარება, აღიარება შენი სულის წიაღიდან.. გკლავს,განადგურებს, ებრძვი, თუმცა უკვე გვიანია.. ეს ყველამ მოისმინა და კედლებიც ამ აღიარებით გაიჟღინთა. შენ ისევ ის ხარ,თუმცა უფსკრულისკენ გიხმობენ ისინი, შენ,რომ ასე კარგად იცნობ. შენ დაბერდი,დაბერდი..

-მიდიხარ?

-მივდივარ.
-რატომ?

-მივდივარ იმისთვის,რომ დავბრუნდე.

თეთრი ღამეები

დოსტოევსკის “თეთრი ღამეები” ეს არის მოთხრობა,რომელმაც საოცრად შემაყვარა ოცნება. შეიძლება ითქვას ისე როგორც არასდროს. დოსტოევსკიმ მართლაც შეძლო არაჩვეულებრივად გადმოეცა ადამიანის გრძნობები და მკითხველის გულამდე მიეტანა. თუმცა მას ჩემი შეფასება არ სჭირდება. იგი საყოველთაოდ აღიარებულია და მუდამ იქნება.  მოთხრობის მთავარი პერსონაჟი მეოცნებეა,რომელიც თავის ამბავს მოგვითხრობს. მისი ამბავი მეტად უცნაურია,ზუსტად ისეთი,როგორიც ნამდვილ მეოცნებეს შეიძლება ჰქონდეს.

მეოცნებე არავის,მაგრამ ყველას იცნობს. იგი სრულიად მარტოა,არავინ ჰყავს,რომ საკუთარი შთაბეჭდილებები გაუზიაროს. მთელს დღეებს ქუჩებში ხეტიალს და ხალხზე დაკვირვებას ანდომებს. მან ზუსტად იცის ვინ,როდის და სად მიდის. იგი იცნობს იმ ხალხს,რომელიც ყოველ დღე ხვდება,იგი იცნობს მათ სულიერ მდგომარეობას, ისინი კი არა.. ერთ დღეს კი იგი სრულიად მარტოსულად იგრძნობს თავს. ეს ის დროა,როდესაც ხალხი დასასვენებლად მიდის და ქალაქში აღარავინ რჩება. მეოცნებე კი გრძნობს,რომ მისი “ნაცნობები” მიდიან და ტოვებენ მას. მისთვის ძნელია მარტო დარჩენა და მთელი სამი დღე ნაღველით სავსე ხეტიალობს პეტერბურგის ქუჩებში.

მეოცნებეს ცხოვრება ასე სევდიანად,ოცნებაში გრძელდებოდა,სანამ მის ცხოვრებაში რაღაც განსაკუთრებული არ მოხდა.  საღამოს ჩვეულებრივ სეირნობის დროს,მან ახლაგაზრდა ქალი გაიცნო (თუ როგორ გაიცნო ამას აღარ დავწერ) მეოცნებე საოცრად დაინტერესდა მისით. საუბარში ირკვევა,რომ ქალს მასზე არანაკლებ უცნაური ისტორია გადახდენია თავს. მეოცნებეს დიდი თხოვნით ისინი არაერთხელ შეხვდებიან ერთმანეთს. მათი შეხვედრა და საუბრები იმდენად გულში ჩამწვდომი იყო,ისეთი საოცარი გრძნობა მოდიოდა ჩემამდე,რომ ზოგჯერ ცრემლების პირასაც მივყავდი.  ასე ხდება,როდესაც ორი განსაკუთრებული ადამიანი შეხვდება ერთმანეთს. ისინი მთელ ღამეებს თეთრად,საუბარში ატარებდნენ.

საკუთარი ისტორიის მოყოლას, მეოცნებე იწყებს,რომელიც როგორც ვთქვი მეტად უცნაური ადამიანია. იგი უყვება ქალს თუ როგორ ატარებს მთელ დღეებს ოცნებაში და რომ მას ოცნება რეალობად გადაქცევია. მას რეალობასთან თითქმის ყველანაირი კავშირი აქვს გაწყვეტილი და ახლა,როცა იგი შეხვდა ამ ქალს, თითქოს ახალი სამყარო გადაეშალა თვალწინ.

მეოცნებეს არაფერი სურს, რადგან სურვილზე ძლიერია, რადგან ყველაფერი აქვს, თვით არის საკუთარი ცხოვრების მხატვარი და ყოველ წუთს შეუძლია იგი თავის ნებაზე გარდაქმნას. მერედა, ნუთუ ასე ადვილად, ასე ბუნებრივად იქმნება ეს ზღაპრული, ფანტასტიკური სამყარო! თითქოს ყოველივე ეს მართლაც არაა მოჩვენება!

Continue reading