Train

მატარებლით მგზავრობა ყოველთვის მიყვარდა. ბავშვობამ სასიამოვნო მოგონებები დამიტოვა და მეც დიდი სიხარულით ველოდებოდი როდის გავემგზავრებოდი. ვემზადები,ჩანთას ვალაგებ, მივდივარ წიგნების თაროსთან და ვცდილობ რაიმე სასიამოვნო წიგნი ავარჩიო,გულს,რომ თბილი რძესავით მოეფინება. დილით ვიღვიძებ და მივდივარ. მივდივარ და ვტოვებ ძველს ახალთან შესაგებებლად. ვუყურებ დედას, რომელიც სევდანარევი ღიმილით შემომცქერის. ალბათ იმიტომ,რომ ჩემი გაშვება ეძნელება. თუმცა არ წავიდოდი დაბრუნების იმედი რომ არ მქონოდა.

აი მატარებელიც და ჩემი მოუთმენელი ცქმუტვა, ისეთი ბავშვობაში რომ ვიცოდი. დაიძრა,დაიძრა და მე თითქოს რაღაც მეწყინა.. ერთდროულად სევდიანი და სასიამოვნო გრძნობაა. მთელი გზა გავცქერი ბუნებას,ვაკვირდები ყველაფერს და ვცდილობ არაფერი გამოვტოვო. იმის აღნიშვნა ალბათ საჭიროც არ არის,რომ მუსიკა სულ გვერდით მყავს. თვალსაც არ ვხუჭავ,ეს დანაშაულად მეჩვენება. ბოლოს ვიღებ წიგნს და კითხვას ვიწყებ. მიხარია,რადგან სწორად შემირჩევია წიგნი,რომელიც მჭირდებოდა. ეს ჯეკ ლონდონის “დიდი სახლის პატარა დიასახლისია.” როგორ სასიამოვნოდაც დაიწყო,ისე გრძელდება და თვალს არ ვწყვეტ. თუ განწყობის შესახებ მკითხავ, მეტად სენტიმენტალური და სევდიანი შეიძლება ითქვას. მჩვევია ასეთ მომენტში უეცარი სევდის მოგვრა,მაგრამ ამას სასიამოვნო სევდას დავარქმევდი. მატარებელი მიდის,ხმაურობს,მაგრამ მე ეს ხმაურიც მომნატრებია. ემოციებით სავსე მივდივარ,მაგრამ ვიცი რომ დავრუნდბი,რადგან დაბრუნებას არაფერი ჯობია.  მატარებელი გაჩერდა და ჩემი ჩასვლის დროც მოვიდა. არ ვიცი რას ვგრძნობ მიხარია თუ მიმძიმს სახლთან განშორება. დიდი ხანია ასე შორს მისგან არ წამოვსულვარ.

აქ ყველაფერი სხვანაირია და ვეღარ ვხედავ ნაცნობ “სურათებს.” ხალხი მაოცებს.. თურმე რა დიდი გულის პატრონი შეიძლება იყოს სიღარიბეში, შრომაში გაზრდილი ადამიანი.  ბუნება? საოცარი..  მწვანე,გაშლილი მდელო და ცა,რომელიც აქედან ძალიან კარგად ჩანს.

ღამე.. მონატრება ძველისადმი. არ ვიცოდი თუ ასე მალე მომენატრებოდა.  სახლი- ამ სიტყვის გაგონებაზე გული გამალებით მიცემს. სიყვარულით ვიხსენებ ყველაფერს..  აქ თითქოს მომწონს.  მომწონს მდინარე და მისი საამო ხმა, კოცონი და მის გარშემო შემომსხდარი ჩვენ,მაგრამ ისევ მონატრება იჩენს საიდანღაც თავს.. უცნაურია, ნეტავ ჩემსავით სხვასაც თუ უგრძვნია თავი.

აქ ბევრ ახალსაც ვგებულობ. ვგებულობ იმას,რომ შენი შრომით მოპოვებულს არაფერი ჯობია. აქ უნდა იბრძოლო გაჭირვებას,რომ გადაურჩე. აქ ყველაფერი სხვანაირია…  აქ ვრწმუნდები,რომ შრომა აკეთილშობილებს ადამიანს.

თითოეულ დღეს წერას, კითხვას, მუსიკას ვუთმობ.  ვწერ გაუჩერებლად ,რადგან ძველს მაახლოვებს.  მუსიკა კი წამოშლის იმ დამარხულ ემოციებს,შეგრძნებებს,რომელსაც მხოლოდ ასე თუ გავიხსენებდი.

მერე კი ისევ მატარებელი..

და დაბრუნება…

სახლი..

 

Mind

ვინანე,როცა წერა შევწყვიტე. ვინანე,როცა ზაფხულის უდარდელ და თავქარიან დღეებს ავყევი და ფიქრს ნაკლები დრო დავუთმე. ვინანე,როცა აღმოვაჩინე თურმე რა დამიკარგავს. ვნანობ იმას,რომ ჩემ შეხედულებებს ხაზი გადავუსვი და ძველის დამარხვა ვცადე.

ვამბობდი როცა ადამიანი საკუთარ თავს იპოვის, მაშინ დალაგდება მისი ცხოვრება-მეთქი. ნაწილობრივ მართალია.. მე ჩემი თავი წერაში ვიპოვე როგორც არ უნდა ვწერდე. მიტოვებულ საქმეს დიდი ხნის შემდეგ რომ დავუბრუნდი, ხელახლა დაბადების შეგრძნება მქონდა. თითქოს ჩემში ახალმა, ან ძველმა,მაგრამ უფრო ახლმა გაიღვიძა და გარშემოც ყველაფერი შეიცვალა, მიუხედავად იმისა,რომ ამას სხვა ვერ ამჩნევს. მივხვდი,რომ არ უნდა წამერთვა ჩემი თავისთვის ის,რაც ასე ძალიან მომწონდა. მე კი მის ჩამარხვას და თავის გამართლებას ვცდილობდი.

საშინელებაა საინტერესო ფიქრების გარეშე გატარებული დღე. საშინელებაა და მე ეს საშინელება გამოცდილი მაქვს. საშინელებაა თავქარიანი,უდარდელი,გაუაზრებელი ცხოვრება და მე ესეც გამოცდილი მაქვს. მივხვდი, მირჩევნია მთელი დღე ფიქრში,წარმოსახვაში, მუსიკაში გავაატარო, ვიდრე უაზრო,არაფრის მომცემ ლაყბობაში. (თუმცა ზოგჯერ ესეც საჭიროა)

მოწყენლიობაც იქიდან მოდის,როცა შენ თავთან არაფერი გაქვს საერთო.. შენ და შენი უამრავ “მე” ერთმანეთს ვერ ეგუებიან. საკუთარი თავი გაგაოცებს და გაიგებ იმას,რაც გონებაში გქონდა,მაგრამ ყურადღება არასოდეს მიგიქცევია.

 

წარმოსახვა

მე,ჩემი ავტობუსი და ნისლი.. მხოლოდ ჩვენ,წინ გზა. გზა უსასრულობისა და სასრულობისკენ. გარემო წარმოსახვამ შთანთქა და შენ თითქოს აღარც ხარ. შენში სამყარომ ზღვარი დაკარგა. არ ელოდები არაფერს და მხოლოდ აქ, წარმოსახვით, შენივე შექმნილ სამყაროში ცხოვრობ. “Не отпускай меня”- ისმის მუსიკა..ვინ დაგიჭერს,როცა აღარავინ არსებობს. დაე იყოს ასე, ნურც იარსებებენ. ძველმა აზრი დაკარგა და ახლით ივსები. გაჰყურებ ნისლის უკან მიმალულ სამყაროს. არასოდეს,არასოდეს გაქრეს, მოშორდეს შენს წარმოსახვას ნისლი,რომელიც ალამაზებს და ფარავს სიმწარეს. სახეზე ნაზი ღიმილი,სიჩუმე და ისევ მუსიკა. სევდით დაჰყურებ გაყინულ ხელებს,ისევ ღიმილი და ფანჯარაში შემოსხმული წვიმა.

მთავრდება მუსიკა,ცრემლმორეული ახელ თვალებს. “იქ” გაქრა, მე კი ისევ “აქ” ვარ.. და კიდევ რამდენს შევძლებდი აქ, ჩემს წარმოსახვაში…

დღენი ჩემი სიჭაბუკისა

საოცარია როგორი ახლობელი შეიძლება გახდეს მწერალი,როდესაც იგი თავის ცხოვრებას თავად აღგიწერს, გიყვება მის გატაცებებზე, გახედებს მის სულში-სწორედ ასეთია რაბინდრანათ თაგორის “დღენი ჩემი სიჭაბუკისა”, რომელიც ავტობიოგრაფიული ნაწარმოებია,მაგრამ შეიძლება აღიქვა ისე,როგორც ერთი საინტერესო ბიჭუნას ისტორია. თაგორი აღგვიწერს მის სახლ-კარს,საცხოვრებელ მიდამოს, მშობლებს და იმ სამყაროს, სადაც იგი ცხოვრობდა.  თავისივე მონათხრობიდან ჩანს,რომ თაგორი პატარაობიდანვე გამოირჩეოდა სხვა ბავშვებისგან. კითხულობდა წიგნებს,ეცნობოდა პოეზიას და ცდილობდა ყოველმხრივ განათლებულ ადამიანად ჩამოყალიბებულიყო. პოეზიასთან გაცნობის შემდეგ,თავად გაუჩნდა სურვილი,რომ ლექსები ეწერა  და დიდი მონდომებით შეუდგა ამ საქმეს. საკუთარ ლექსებს კი მშობლებსა და ნაცნობებს უზიარებდა. ლექსებთან ერთად სიმღერების წერაც დაიწყო.გასაოცარი ისიც იყო,რომ იგი ამ ყველაფერს ბენგალურ ენაზე წერდა,რომელიც საკმაოდ რთულია და დღესდღეობით ცოტა თუ საუბრობს ამ ენაზე,მაგრამ მან მონდომებით ყველაფერი შეძლო.

ამ ყველაფერთან ერთად ავტორი გვესაუბრება მშობლებზე. იგი საინტერესოდ აღგვიწერს მამას და მის დამოკიდებულებას მამის მიმართ. ჩანს,რომ მამას სურდა შვილები დამოუკიდებელ,სრულფასოვან ადამიანებად ჩამოყალიბებულიყვნენ. ყველაზე დასაფასებელი თვისება,რაც მე მასში აღმოვაჩინე ის იყო,რომ შვილებს არასოდეს უკარგავდა იმედს,არასოდეს ეუბნებოდა ვერ შეძლებო. ამიტომაც იყო დაინტერესებული თაგორის გატაცებებითა და აღმოჩენებით. იგი მუდამ გატაცებით უსმენდა შვილს, აღიქვამდა როგორც ზრდასრულ ადამიანს. თაგორი ცოტას თუ საუბორბს დედაზე. მასზე მაშინ გვესაუბრება,როცა იგი გარდაიცვლება. “უეცრად უჩვეულო სევდა მომაწვა გულზე,რადგან გავიფიქრე,რომ დედა უკან აღარასდროს დაბრუნდებოდა და თავის ჩვეულებრივ ადგილს ვეღარ დაიჭერდა ჩვენს შინაურ ცხოვრებაში.”

არც ერთი ჭრილობა დიდ ხანს არ რჩება, მით უფრო ბავშვობაში. ერთხელ კი სიკვდილის მიერ მოყენებული პირველი კვალი სრულიად გაქრა და აჩრდილს დაემსგავსა. თაგორი მხოლოდ ზრდასრულ ასაკში აცნობიერებს თუ რა დიდი ტრაგედია სიკვდილი თითოეული ადამიანისათვის. იგი ამბობს,რომ ოცდაოთხი წლის ასაკიდან სიკვდილი მისი მუდმივი ნაცნობი გახდა. “ბავშვის უზრუნველი ბუნება ადვილად ივიწყებს ყოველგვარ უბედურებას,მაგრამ მოზრდილი ადამიანი ასე ადვილად ვერ გაექცევა სევდას და ეს საბედისწერო დარტყმები მთლიანად ჩემს გულს ხვდებოდა”

იგი აღგვიწერს სიკვდილს,იმდენად ტაგიკულად,რომ წარმოუდგენელია თითოეული ჩვენთაგანის გულში  არ შეაღწიოს. მეც არ შემიძლია საკუთარი ენით გამოვხატო ჩემი გრძნობები,ამიტომ მინდა,რომ თქვენც გაგიზიაროთ თაგორის ტრაგედია.

მანამდე ფიქრადაც არ მომდიოდა,რომ ბედნიერებისა და უბედურების უწყვეტ ჯაჭვში შეიძლება არსებობდეს ცარიელი ადგილები. ამიტომაც ამ ცხოვრებას აღვიქვამდი როგორც მთლიანსა და განუყოფელს. და როდესაც უეცრად თავს დამტყდარმა სიკვდილმა ამ თითქოს მთლიან ქსოვილში გაჭრა ნაპრალი,დავიბენი. ყველაფერი ძველებურად დარჩა:ხე,წყალი.მიწა,მზე,მთვარე,ვარსკვლავები,დარჩა ისევე,როგორც იყო,მაგრამ ადამიანი,რომელიც ასვე არსებობდა,ადამიანი,რომელთანაც სულითა და ხორცით დაკავშირებული ვიყავი,გაქრა,ვით ლანდი. ირგვლივ ყველაფერი ყალბად, ცრუდ  და შეუსაბამოდ მეჩვენებოდა! როგორ შემეძლო , შემეთვისებინა ყველაფერი,რაც დარჩა,იმასთან,რაც აღარ იყო? უძირო ბნელეთი დროდადრო ჩემში სადგურებდა და არც დღით,არც ღამით არ მასვენებდა. დროდადრო ვუბრუნდებოდი ერთხელ დავიწყებულ კითხვას და ვცდილობდი გამეგო,რა დარჩა იმის სანაცვლოდ,რაც უკვალოდ გაქრა. ადამიანისთვის არ არსებობს სიცარიელე; რაც არ არსებობს-მოგონილია; რაც მოგონილია,ის სიცრუეა. ამიტომაც ვცდილობთ რითიმე ამოვავსოთ ხოლმე ადგილი,სადაც ვერაფერს ვხედავთ.

თაგორი ბევრს მოგზაურობდა,ხვდებოდა სხვადასხვა სახის ხალხს,ეცნობოდა კულტურას, ლიტერატურას. მას ჰყავდა მეგობრები ბევრად უფროსი მასზე,მაგრამ არც ერთი მათგანი არ აღიქვამდა როგორც ბავშვს. ყველა ხვდებოდა,რომ იგი განსხვავებული იყო.  “ასაკობრივ სხვაობას აზრებსა თუ გრძნობების ურთიერთგაგებაში არავითარი მნიშვნელობა არ ჰქონდა”

Continue reading

Nothing else matters

ყველაფრისგან გადაღლილი გამოვედი აივანზე და მთვარეს გავხედე,რომელსაც ღრუბელი ამოფარებოდა. ჩემს ფიქრებში უგზო-უკვლოდ დაკარგული,რაღაც შორეულს ვუმზერდი. მივხვდი,რომ უკვე nothing else matters და მხოლოდ მცირედს ვითხოვ ამ ცხოვრებისგან. მოპირდაპირე ფანჯარაში შუქი აინთო,ნიშანი მომცა და აი გაჟღერდა ის,რისი მოსმენაც საოცრად მჭირდებოდა. იცის,რომ Metallica-Nothing else matters მამშვიდებს.. ზოგჯერ მაოცებს. თვალები დავხუჭე და უბრალოდ მუსიკას მივენდე,რომელიც ახლა საოცრად მამშვიდებდა. ხელით მოაჯირს დავეყრდენი და თავი დავხარე.
აი გაისმა ჯერ გიტარის,შემდეგ კი ვოკალისტის სასიამოვნო,გამაგიჟებელი ხმა, so close,no matter how far,couldn’t be much more from the heart..ახლა,რომ ჟრუანტელს მგვრიდა.  ვგრძნობდი,რომ მთელი ტანით ვთრთოდი. თვალწინ ის მძიმე წუთები წარმომიდგა, შემდეგ კი მუსიკის კულმინაციამ ყველაფერი დამავიწყა და ისევ იქ,სადღაც შორს აღმოვჩნდი. ისმის ვოკალისტის უკვე მშვიდი ხმა და უკანასკნელი ნოტები.

So close, no matter how far
Couldn’t be much more from the heart
Forever trusting who we are
and nothing else matters

მუსიკაც მორჩა, თვალები გავახილე,სევდანარევი ღიმილით მიმზერდა, მეც გავუღიმე…

-მერე?
-მერე? მერე შენ გააგრძელე.

მშვიდი სახლი

ის განწყობა,რაც ახლა მაქვს გუშინ ნანახმა ფილმა შემიქმნა,რომელსაც “სახლი ტბასთან” ჰქვია. ფილმი ძალიან კარგი და სასიამოვნო გამოდგა.. განსაკუთრებული შთაბეჭდილება მაინც განმარტოებით,ლამაზ ბუნებაში მდგომმა სახლმა მიიქცია ყურადღება და მეც გადავვარდი ოცნებებში. როგორ მინდა მქონდეს სახლი,მართლაც ტბასთან და ეს სახლი იყოს ყველასგან და ყველაფრისგან შორს. სახლში  მე,წიგნები და მუსიკა ვიქნებოდით და მხოლოდ იგი გაამართლებდა სახელს “სახლი”,რადგან  იქ ვიგრძნობდი თავს მშვიდად,მხოლოდ იქ მომაკითხავდა ჩემი სიმშვიდე.

პატარა, თბილ ფერებში გაწყობილი, ბუხრით, წიგნის სუნით გაჟღენთილი და რათქმაუნდა სიმშვიდით სავსე. -აი როგორი იქნება ჩემი მომავალი სახლი. 

მწერალი დაწერდა,მხატვარი დახატავდა,კომპოზიტორი კი ლამაზ მუსიკას შექმნიდა,რომელიც ასე მოუხდებოდა ჩემს სახლს. სახლი ყველაზე ლამაზი მაინც შემოდგომას და ზამთარს იქნება. ზამთრის სიცივეში სითბოს,რომ გამოასხივებს,ხოლო შემოდგომას კი იდუმალებით მოცული გახდება. გააღებ კარს და რაც არ უნდა აღელვებული იყო უმალ დამშვიდდები,გათბები. სახლი,რომელიც შენი მეგობარი და მესაიდუმლე იქნება, დაგეხმარება გაგინელოს ტკივილი და იგრძნო,რომ მარტო არ ხარ (სულიერად).

მინდა იწვიმოს და გავიგო როგორ შხაპუნობს წვიმა, მინდა ითოვოს და ვხედავდე,როგორ ათეთრებს არემარეს, ვხედავდე ფოთოლცვენას.

და მხოლოდ ჩემი სახლის ფანჯრიდან დავინახავდი მთელ სამყაროს,უსასრულობას.

ჩემი მშვიდი სახლი!

ჩემი პატარა ბიბლიოთეკა..

მუსიკა ყოველთვის თან დამდევს და ეს ძალიან მსიამოვნებს. ახლა Aerosmith- Girls Of Summer-ს ვუსმენ და ამ სიმღერასთან ერთად მეც მხიარული ვხვდები. მიხარია,რომ არსებობს ისეთი მუსიკა,რომელსაც ნებისმიერ დროს შეუძლია კარგად გაგხადოს, ცეკვა მოგანდომოს და უბრალოდ იმხიარულო. ყველა მუსიკას თავისი დრო აქვს. ალბათ შესაფერის დროს უფრო მეტად მოგწონს იგი. ახლა,როცა ამინდებიც გამოვიდა და თანაც ზაფხული ახლოვდება Girls of Summer სწორედ,რომ შესაფერისია. მისი ტექსტი უკვე მთელი დღეა თავში მიტრიალებს თან ვღიღინებ.

რა მოხდებოდა,რომ ერთი დღე სულ სხვანაირად გამეტარებინა ვიდრე ჩემი ყოველდღიური ცხოვრებაა? არ ვიცი,მაგრამ ალბათ ძალიან საინტერესო იქნებოდა მთელი დღე აკეთო ის,რაც არასოდეს გაგიკეთებია. არასოდეს მიცდია,მაგრამ ერთ დღესაც ჩემი დრო მოვა. მინდა უბრალოდ ვიბედნიერო და ვიფიქრო მხოლოდ საკუთარ ბედნიერებაზე და არა იმაზე თუ რას იფიქრებს სხვა. კაცმა,რომ თქვას ძნელიც კი არის სხვის აზრი არ გაინტერესებდეს და ეს არ გზღუდავდეს. მე თუ მკითხავთ ცხოვრებაში ერთხელ მაინც უნდა მოეშვა სხვაზე ფიქრს.. ასე კი ვფიქრობ,მაგრამ მე თვითონაც არ გამომდის. რა ვქნა? თქვენც ასე ხართ?

პატარა ცვლილება არის ჩემს გემოვნებაში. მუსიკასთან დაკავშირებით. ვხვდები,რომ აღარ მომწონს ის რაც ადრე მომწონდა. ყოველ შემთხვევაში იმის ნაწილი მაინც. ახლა რაღაც უფრო მეტი მინდა. ისეთი რაც ჩემამდე მოაღწევს და ამაღელვებს. ასეთი მუსიკა სულ სხვაა. ეს ცვლილება მომწონს კიდეც. იმედია ასე გაგრძელდება და უფრო მეტად შემიყვარდება Deep Purple, Pink Floyd, Aerosmith, Metallica, Judas Priest, Rolling Stones და კიდევ ბევრი. უბრალოდ რა ჩამოთვლის. მიხარია,რომ არსებობს მუსიკა. მიხარია,რომ ვარსებობ მე.
მინდა ჩემი სასიამოვნო განწყობა კიდევ დიდ ხანს გაგრძელდეს..

I go crazy, crazy, baby, I go crazy
You turn it on then you’re gone, yeah, you drive me
Crazy, crazy, crazy for you, baby
What can I do, honey, I feel like the color blue

წიგნებისა და მუსიკის ზეგავლენა

წიგნების და მუსიკას მართლაც დიდი ზეგავლენა აქვთ. ამ ბოლო დროს ჩავიფელი წიგნების კითხვასა და მუსიკის მოსმენაში. ვუსმენ მუსიკას და ვტკბები მისი სილამაზით. მუსიკა მამშვიდებს,წიგნები კი მათ სამყაროში მიტაცებს. თავისთან მეძახის..  რაღაც იდუმალი ძალა აქვს მუსიკას. მისი მოსმენისას ყველაფერი მავიწყდება და ვცდილობ ვიოცნებო რაც შეიძლება ბევრი.ამაში კი მუსიკა ჩემი პირველი დამხმარეა. მიყვარს ის მომენტი როცა წიგნისაკენ მივიწევ,ხელში ვიღებ და ვშლი. თითქოს უხილავი სხივები მანათებს და მთლიანად წიგნში მითრევს, როცა მთელი ემოციით კითხულობ წიგნს და იგივეს განიცდი რასაც წიგნის პერსონაჟები და როცა წიგნს ხურავ, მაშინვე მასზე ფიქრს იწყებ. ცდილობ ჩასწვდე მის აზრს და ყველაფერი კარგად წარმოიდგინო. წიგნს დიდი ძალა აქვს. იგი მართლაც თავის სამყაროში გაცხოვრებს, გაფიქრებს.. წიგნი შენს გულში ახალ გრძნობებს აღძრავს, ალბათ ისეთს,რომელიც ჯერ კიდევ არ განგიცდია.

მუსიკა და წიგნები ერთმანეთთანაა დაკავშირებული. წიგნიც ხომ მუსიკას ჰგავს,ლამაზ მუსიკას. ალბათ ერთი დღეც არ გავა,რომ მუსიკა არ მოვისმინო. როგორ შეუძლია მუსიკას ადამიანის ხასიათზე იმოქმედოს… მუსიკას ყველაფერი შეუძლია და ამაში დიდი ხანია დავრწმუნდი.

მინდა პატარა სახლი მქონდეს,რომელსაც “წიგნებისა და მუსიკის სახლს” დავარქმევდი. აქ კი თავს ისეთი ხალხი მოიყრიდა,რომლებსაც ეყვარებათ მუსიკა და წიგნები. მაშინ მთელი დღე შეგვეძლებოდა საუბარი, კითხვა,მუსიკის მომსმენა. ყველაფერი ეს ძალიან სასიამოვნო იქნებოდა.

მუსიკა და წიგნები, ეს ორი რამ საოცარ ზეგავლენას ახდენს ჩემზე.

“Music is moonlight in the gloomy night of life. “

 

 

ფიქრები და ოცნებები…

ბოლო დროს ძალიან ბევრს ვფიქრობ.. მინდა,რომ ყველაფერი სხვნაირად იყოს.დამღალა თბილისის საშინელმა ხმაურმა,დამღალა ზამთარმა და მინდა,რომ მალე მოვიდეს გაზაფხული.მალე აყვავდეს ხეები და ის განწყობა მქონდეს,რომელზეც უკვე დიდი ხანია ვოცნებობ. მინდა წავიდე ლამაზ და მყუდრო ადგილას სადაც მხოლოდ მე და წიგნები ვიქნებით. მთეელ დღეებს ფიქრში და წიგნების კითხვაში გავატარებდი.სასურველია ახლოს ზღვა იყოს,რომლის სილამაზეც დამატკბობს და სასიამოვნო განწყობაზე დამაყენებს. მომენატრა გაზაფხულის გრძელი და გადაუღებელი წვიმები..წვიმის ხმა მომენატრა,რომელიც ასე მატკბობდა ძილის წინ. გამუდბებით ვფიქრობ გაზაფხულის ლამაზ საღამოზე.. სულ სხვანაირ საღამოზე. 

მინდა ყველგან მუსიკა დამყვებოდეს და არასოდეს მშორდებოდეს. ახლა როცა ჩემი მობილური გაფუჭდა,რომელიც ასე მართობდა მიწევს ავტობუსის საშინელი ხმა მოვისმინო,მაშინ როდესაც  მუსიკას უნდა ვუსმენდე. უკვე ძნელია აიტანო ამდენი გაკვეთილი,გადავიღალე თითოეულის დამთავრების ლოდინში… აღარ მინდა მციოდეს, და სიცივისგან შუბლს ვჭმუხნიდე.

მომენატრა ჩემი საყვარელი ადგილი,რომელსაც ზაფხულში ხშირად ვსტუმრობდი.. სადაც არავინ შეგაწუხებს. ირგვლივ მხოლოდ სილამაზე გაკრავს.. შენ მხოლოდ იფიქრე და უცქირე ლამაზ ბუნებას.ხელს კი არავინ შეგიშლის. დაახლოებით ასეთია

ვეღარ ვხედავ ბედნიერ სახეებს. თითქოს ყველამ ერთად მოიწყინაო. ყველა მუქ ფერებშია ჩაცმული რაც განწყობას კიდევ უფრო მიმძიმებს. რა სჯობია ნათელ ფერებს.. რა სჯობია გაზაფხულს. 

ქუჩაში არავინაა.. ცივა და სიცივემ ყველას განწყობა მოუსპო. ყველა სახლებს მიაჯაჭვა. სიცივემ ხალისი დაუკარგა ყველაფერს. მხოლოდ ერთი მოხუცი კაცი მხვდება თითქმის ყოველდღე.. მარტო სეირნობს სევდიანი თვალებით. მე გავუღიმებ და ვეტყვი “გამარჯობა,” ის კი ნაღვლიანად გამიღიმებს და იგივეთი მიპასუხებს. რა დამაფიქრებელია მისი თვალები… როგორ მინდა გავიგო რა უდევს გულში.. ერთადერთი,რომელიც სიცივეს არ შეუშინდა. სეირნობს და ამით ბედნიერია.

მე კი გაზაფხულის მოლოდინში მცივა ზამთარში..

და გაზაფხულიც ნელა მოიწევს ამ გზაზე…