ბლაყჩობა!

არაფერია ერთდროულად სასიამოვნოც და მტანჯველიც,როგორც უყურებდე საკუთარი თავის გარდაქმნას. უყურებდე თუ როგორ ვითარდება, ცდილობს მისთვის სასურველ სრულფასოვნებამდე მიაღწიოს, ნელ-ნელა იღწვის ბედნიერებისკენ. მიხვდი ალბათ რაზეც ვსაუბრობ. ზოგჯერ ტანში ჟრუანტელი დაგივლის იმის გაფიქრებაზე, თუ რა იქნება მომავალში, როგორ გადააბიჯებ ყველა წინააღმდეგობას,რომელსაც საკუთარი თავი და შინაგანი სამყარო გიქმნიდა, როგორ ახვალ რამდენიმე საფეხურით მაღლა ვიდრე იყავი.

1521418_409684532494764_747027191_n

ჩვენ ხშირად განსაკუთრებით გავაღმერთებთ ხოლმე რომელიმე წინგს ან ფილმს. მეც მაქვს ჩემთვის გამორჩეული ფილმები და არა იმიტომ,რომ ისინი მსახიობებით ან შინაარსით გამოირჩევიან, უბრალოდ მათში აღწერილია ისეთი მოვლენები, რომლის ცხოვრებაში და ჩვენს რეალობაში გადმოტანას ვისურვებდით. ვისურვებდით და არ ხდება… ამიტომაც,ჩვენ გამუდმებით შეგვიძლია ვუყუროთ და წავიკითხოთ ფილმისა თუ წიგნის ერთი გამორჩეული მომენტი. ხშირად ამაზე ფიქრისას, მოულოდნელად სევდა შემომწოლია. საკუთარი თავი და ადამიანები შემეცოდებია, რომელთაც აქვთ ოცნებები და შეიძლება ყოველ ღამით ძილის წინ წარმოიდგენენ როგორ ანხორციელებენ მას. შემდეგ კი შეიძლება სულაც სხვა გზით წავიდნენ და ოცნებები პატარა ზარდახშაში მოათავსონ,საიდანაც ვეღარასოდეს გამოვა და მხოლოდ მაშინ გამოჩნდება,როცა ამ ზარდახშას თავს ახდიან. თუმცა ოცნებებს,კვლავ ოცნების სახე არ ექნება. ზარდახშაში გამომწყვდეული,უფრო სევდის სახეს მიიღებს,რომელიც გარკვეული დროის შემდეგ ადამიანს თავს ახსენებს და გულს წყვეტს.

ზოგჯერ იმასაც ვფიქრობ,რომ ჩვენი ბრალია,რაც არ ხდება და ჩვენ არ ვაძლევთ საკუთარ თავს ამის უფლებას. რაღაც მხრივ ეს მართლაც ასეა. უბრალოდ არის მომენტები,როცა არ უნდა იფიქრო და გადადგა რაიმე ნაბიჯი. ხანდახან ასეთი წინდაუხედაობაც საჭიროა. თუმცა ადამიანის უმრავლესობას და მათ შორის მეც, მეტ ფიქრს უთმობს დროს. ამ დროში კი შესაძლებლობა უკვე წასულია და ჩვენ მას ვეღარ ჩავეჭიდებით.
large (82)
Continue reading

დაძველებული.

ცხოვრება მშვენიერიაო-თქვეს..
მე კი მაინც მიუწვდომლისკენ მივილტვი. მე კი მინდა გამოვცადო რაღაც “ზე,” წარმოუდგენლად მაღალი… ვუმზერ მაღალ მთებს,შემოდგომისგან გაყვითლებულ ბუნებას და ვხვდები,რომ მინდა ამ სილამაზის ნაწილი ვიყო. ჩემი გაურკვეველი გრძნობები მეუბნებიან,რომ აქ არის ჩემი ადგილი და სახლში დაბრუნების სურვილი მიქრება… ძველ გრძნობებს მივტირი, ყველაფერს გაიხსენებ, ერთხელ შეგრძნებულს კი უკან ვეღარ დააბრუნებ. აქ ვხვდები რომ თავზე საოცრება დამყურებს, ჰორიზონტზე რაღაც მოჩანს… იქ მინდა,თუმცა მივაღწევ თუ არა ყველაფერი ამ ქინქლებივით პატარა ნაწილებად დაიშლება,ახლა თავს რომ დამტრიალებენ და მოსვენებას არ მაძლევენ.

მოვძებნი, მოვძებნი მას, ვინც იცის რას ნიშნავს უყურებდე და სულს სასიამოვნო მღელვარება ეფინებოდეს.

-ნუ ეძებ სიტყვებს.. სიტყვები გაქრა, შენ ვერ გადმოსცემ იმას,რასაც ახლა გრძნობ.. შენ მხოლოდ ნახევრის ნახევარი შესძელი. დანარჩენი კი შენთან ერთად აგრძელებს ცხოვრებას.

Train

მატარებლით მგზავრობა ყოველთვის მიყვარდა. ბავშვობამ სასიამოვნო მოგონებები დამიტოვა და მეც დიდი სიხარულით ველოდებოდი როდის გავემგზავრებოდი. ვემზადები,ჩანთას ვალაგებ, მივდივარ წიგნების თაროსთან და ვცდილობ რაიმე სასიამოვნო წიგნი ავარჩიო,გულს,რომ თბილი რძესავით მოეფინება. დილით ვიღვიძებ და მივდივარ. მივდივარ და ვტოვებ ძველს ახალთან შესაგებებლად. ვუყურებ დედას, რომელიც სევდანარევი ღიმილით შემომცქერის. ალბათ იმიტომ,რომ ჩემი გაშვება ეძნელება. თუმცა არ წავიდოდი დაბრუნების იმედი რომ არ მქონოდა.

აი მატარებელიც და ჩემი მოუთმენელი ცქმუტვა, ისეთი ბავშვობაში რომ ვიცოდი. დაიძრა,დაიძრა და მე თითქოს რაღაც მეწყინა.. ერთდროულად სევდიანი და სასიამოვნო გრძნობაა. მთელი გზა გავცქერი ბუნებას,ვაკვირდები ყველაფერს და ვცდილობ არაფერი გამოვტოვო. იმის აღნიშვნა ალბათ საჭიროც არ არის,რომ მუსიკა სულ გვერდით მყავს. თვალსაც არ ვხუჭავ,ეს დანაშაულად მეჩვენება. ბოლოს ვიღებ წიგნს და კითხვას ვიწყებ. მიხარია,რადგან სწორად შემირჩევია წიგნი,რომელიც მჭირდებოდა. ეს ჯეკ ლონდონის “დიდი სახლის პატარა დიასახლისია.” როგორ სასიამოვნოდაც დაიწყო,ისე გრძელდება და თვალს არ ვწყვეტ. თუ განწყობის შესახებ მკითხავ, მეტად სენტიმენტალური და სევდიანი შეიძლება ითქვას. მჩვევია ასეთ მომენტში უეცარი სევდის მოგვრა,მაგრამ ამას სასიამოვნო სევდას დავარქმევდი. მატარებელი მიდის,ხმაურობს,მაგრამ მე ეს ხმაურიც მომნატრებია. ემოციებით სავსე მივდივარ,მაგრამ ვიცი რომ დავრუნდბი,რადგან დაბრუნებას არაფერი ჯობია.  მატარებელი გაჩერდა და ჩემი ჩასვლის დროც მოვიდა. არ ვიცი რას ვგრძნობ მიხარია თუ მიმძიმს სახლთან განშორება. დიდი ხანია ასე შორს მისგან არ წამოვსულვარ.

აქ ყველაფერი სხვანაირია და ვეღარ ვხედავ ნაცნობ “სურათებს.” ხალხი მაოცებს.. თურმე რა დიდი გულის პატრონი შეიძლება იყოს სიღარიბეში, შრომაში გაზრდილი ადამიანი.  ბუნება? საოცარი..  მწვანე,გაშლილი მდელო და ცა,რომელიც აქედან ძალიან კარგად ჩანს.

ღამე.. მონატრება ძველისადმი. არ ვიცოდი თუ ასე მალე მომენატრებოდა.  სახლი- ამ სიტყვის გაგონებაზე გული გამალებით მიცემს. სიყვარულით ვიხსენებ ყველაფერს..  აქ თითქოს მომწონს.  მომწონს მდინარე და მისი საამო ხმა, კოცონი და მის გარშემო შემომსხდარი ჩვენ,მაგრამ ისევ მონატრება იჩენს საიდანღაც თავს.. უცნაურია, ნეტავ ჩემსავით სხვასაც თუ უგრძვნია თავი.

აქ ბევრ ახალსაც ვგებულობ. ვგებულობ იმას,რომ შენი შრომით მოპოვებულს არაფერი ჯობია. აქ უნდა იბრძოლო გაჭირვებას,რომ გადაურჩე. აქ ყველაფერი სხვანაირია…  აქ ვრწმუნდები,რომ შრომა აკეთილშობილებს ადამიანს.

თითოეულ დღეს წერას, კითხვას, მუსიკას ვუთმობ.  ვწერ გაუჩერებლად ,რადგან ძველს მაახლოვებს.  მუსიკა კი წამოშლის იმ დამარხულ ემოციებს,შეგრძნებებს,რომელსაც მხოლოდ ასე თუ გავიხსენებდი.

მერე კი ისევ მატარებელი..

და დაბრუნება…

სახლი..

 

Letters…

22 სექტემბერი ქარის მოტანილი წერილების დღეა.  დღე რომელსაც შეუძლია უამრავი სასიამოვნო ემოცია მოგგვაროს.  დიდი ხანია ვნატრობ ვინმესგან წერილი მივიღო, ისეთი სულის სიღრმეში არსებული დამშვიდებული ემოციათა ტალღა,რომ ააღელვოს და მუზებთა სამეფო,რომ გადარიოს, მიძინებულ მუზებს მაგრად დახუჭული თვალები აუხილოს. ვინ იცის, შესაძლოა სულაც ვერ ვიპოვო,მაგრამ ის მაინც მეცოდინება,რომ ჩემი წერილს ვიღაც წაიკითხავს და სახეზე ღიმილი მოეფინება.

 

 

Mind

ვინანე,როცა წერა შევწყვიტე. ვინანე,როცა ზაფხულის უდარდელ და თავქარიან დღეებს ავყევი და ფიქრს ნაკლები დრო დავუთმე. ვინანე,როცა აღმოვაჩინე თურმე რა დამიკარგავს. ვნანობ იმას,რომ ჩემ შეხედულებებს ხაზი გადავუსვი და ძველის დამარხვა ვცადე.

ვამბობდი როცა ადამიანი საკუთარ თავს იპოვის, მაშინ დალაგდება მისი ცხოვრება-მეთქი. ნაწილობრივ მართალია.. მე ჩემი თავი წერაში ვიპოვე როგორც არ უნდა ვწერდე. მიტოვებულ საქმეს დიდი ხნის შემდეგ რომ დავუბრუნდი, ხელახლა დაბადების შეგრძნება მქონდა. თითქოს ჩემში ახალმა, ან ძველმა,მაგრამ უფრო ახლმა გაიღვიძა და გარშემოც ყველაფერი შეიცვალა, მიუხედავად იმისა,რომ ამას სხვა ვერ ამჩნევს. მივხვდი,რომ არ უნდა წამერთვა ჩემი თავისთვის ის,რაც ასე ძალიან მომწონდა. მე კი მის ჩამარხვას და თავის გამართლებას ვცდილობდი.

საშინელებაა საინტერესო ფიქრების გარეშე გატარებული დღე. საშინელებაა და მე ეს საშინელება გამოცდილი მაქვს. საშინელებაა თავქარიანი,უდარდელი,გაუაზრებელი ცხოვრება და მე ესეც გამოცდილი მაქვს. მივხვდი, მირჩევნია მთელი დღე ფიქრში,წარმოსახვაში, მუსიკაში გავაატარო, ვიდრე უაზრო,არაფრის მომცემ ლაყბობაში. (თუმცა ზოგჯერ ესეც საჭიროა)

მოწყენლიობაც იქიდან მოდის,როცა შენ თავთან არაფერი გაქვს საერთო.. შენ და შენი უამრავ “მე” ერთმანეთს ვერ ეგუებიან. საკუთარი თავი გაგაოცებს და გაიგებ იმას,რაც გონებაში გქონდა,მაგრამ ყურადღება არასოდეს მიგიქცევია.

 

წარმოსახვა

მე,ჩემი ავტობუსი და ნისლი.. მხოლოდ ჩვენ,წინ გზა. გზა უსასრულობისა და სასრულობისკენ. გარემო წარმოსახვამ შთანთქა და შენ თითქოს აღარც ხარ. შენში სამყარომ ზღვარი დაკარგა. არ ელოდები არაფერს და მხოლოდ აქ, წარმოსახვით, შენივე შექმნილ სამყაროში ცხოვრობ. “Не отпускай меня”- ისმის მუსიკა..ვინ დაგიჭერს,როცა აღარავინ არსებობს. დაე იყოს ასე, ნურც იარსებებენ. ძველმა აზრი დაკარგა და ახლით ივსები. გაჰყურებ ნისლის უკან მიმალულ სამყაროს. არასოდეს,არასოდეს გაქრეს, მოშორდეს შენს წარმოსახვას ნისლი,რომელიც ალამაზებს და ფარავს სიმწარეს. სახეზე ნაზი ღიმილი,სიჩუმე და ისევ მუსიკა. სევდით დაჰყურებ გაყინულ ხელებს,ისევ ღიმილი და ფანჯარაში შემოსხმული წვიმა.

მთავრდება მუსიკა,ცრემლმორეული ახელ თვალებს. “იქ” გაქრა, მე კი ისევ “აქ” ვარ.. და კიდევ რამდენს შევძლებდი აქ, ჩემს წარმოსახვაში…

ღამე

იდუმალებით მოცული ღამე,ღამისეული სიჩუმე და შენ იქ ხარ,იქ სადაც უნდა იყო,სადაც შენში არსებული უამრავი “მე” გელოდა. სული ზეიმობს… ნანატრი წამი-შევძელი და ჩავებღაუჭე.. იქ ყველაფერი შენია,შენია ეს სარკმელი, მთელი სამყარო,რომ მოჩანს, შენია ჰაერი და ხარბად სუნთქავ.. იქ მხოლოდ თქვენ ხართ. შენ და კიდევ უამრავი შენ.. თქვენ, თქვენ ეს შესძელით. გაქრით,მოშორდით,დაგვტოვეთ.. ჩვენ, ჩვენ ეს შევძელით!

გვირილები

გვირილები,გვირილები ყველაგან.

გვირილები,სითბოთი და სიყვარულით ნაჩუქარი გვირილები.

ადამიანს ყურადღება და სიყვარული სჭირდება ბედნიერებისთვის. როგორც კი იგრძნობ,რომ ძვირფასი ხარ თუნდაც ერთი ადამიანისათვის მაშინ შენ ივსები იმ უდიდესი გრძნობით,რასაც ცხოვრების სიყვარული ჰქვია და მაშინ ხვდები,რომ უაზროდ არ გიცხოვრია.

იცხოვრო-ნიშნავს იცხოვრო სხვებისთვის. ადამიანი ადამიანითაა. ზოგჯერ მაინც ბჟუტავდეს სიკეთის ცეცხლი.. არ შეიძლება ამაზე უარის თქმა.სიკეთე ადამიანს ძალას მატებს.-რემარკი

სწორედ დღეს გამონათებულმა სიკეთის სხივმა შემმატა ძალა. ამით მინდა გაგრძნობინო შენ, ჩემო მეგობარო თუ როგორ მიყვარხარ და გაფასებ.

              “ის რაც ჩვენში ხდება,გაცილებით უფრო ღრმაა,ვიდრე სიტყვებით გამოხატული”- თაგორი

რატომ ვწერ

ახლა ვფიქრობდი ამ პოსტს რა სათაური მოვუფიქრო მეთქი,მაგრამ მერე უბრალოდ წერა დავიწყე. ისე,რომ დავფიქრდეთ რისთვის ვწერთ ეს ბლოგერები? მოდი მრავლობითში არ ვილაპარაკებ. მე რისთვის ვწერ? ვინმეს აინტერესებს? არ შეიძლება უბრალოდ დღიურში ვწერდე ჩემთვის და არა ასე ღიად? ამ კითხვებზე პასუხის გაცემა არც თუ ისე ძნელია.

1.მე ვწერ იმიტომ,რომ წერა მიყვარს

2.ალბათ ვინმეს აინტერესებს, თუნდაც ჩემს მეგობრებს.

3. ვწერ ბლოგზე,რადგან მომწონს ბლოგოსფერო.

მიუხედავად იმისა,რომ მართლა მიყვარს წერა, აი ის მუზა თუ რაც არის ზამთარში უფრო ხშირად მომაკითხავს ხოლმე. აი მაგ პერიოდში დღიურის გვერდებიც სავსეა და ბლოგზეც ხშირად ვწერ.. არადა მგონი პირიქით უნდა იყოს. არ ვიცი ეს მარტო მე მემართება თუ სხვებსაც. ალბათ იმიტომ ხდება ასე,რომ ზამთარში  სახლში ყოფნის,წიგნის კითხვის და წერის მეტი არაფერი მინდა, ჰოდა ზუსტად მაშინ მოფრიდნება ხოლმე ეს მუზა.  რა ვიცი..

მოკლედ ამ პოსტს სულ ნუ წაიკითხავთ. უბრალოდ ჩემ თავს გავეცი პასუხი  :დ

მშვიდი სახლი

ის განწყობა,რაც ახლა მაქვს გუშინ ნანახმა ფილმა შემიქმნა,რომელსაც “სახლი ტბასთან” ჰქვია. ფილმი ძალიან კარგი და სასიამოვნო გამოდგა.. განსაკუთრებული შთაბეჭდილება მაინც განმარტოებით,ლამაზ ბუნებაში მდგომმა სახლმა მიიქცია ყურადღება და მეც გადავვარდი ოცნებებში. როგორ მინდა მქონდეს სახლი,მართლაც ტბასთან და ეს სახლი იყოს ყველასგან და ყველაფრისგან შორს. სახლში  მე,წიგნები და მუსიკა ვიქნებოდით და მხოლოდ იგი გაამართლებდა სახელს “სახლი”,რადგან  იქ ვიგრძნობდი თავს მშვიდად,მხოლოდ იქ მომაკითხავდა ჩემი სიმშვიდე.

პატარა, თბილ ფერებში გაწყობილი, ბუხრით, წიგნის სუნით გაჟღენთილი და რათქმაუნდა სიმშვიდით სავსე. -აი როგორი იქნება ჩემი მომავალი სახლი. 

მწერალი დაწერდა,მხატვარი დახატავდა,კომპოზიტორი კი ლამაზ მუსიკას შექმნიდა,რომელიც ასე მოუხდებოდა ჩემს სახლს. სახლი ყველაზე ლამაზი მაინც შემოდგომას და ზამთარს იქნება. ზამთრის სიცივეში სითბოს,რომ გამოასხივებს,ხოლო შემოდგომას კი იდუმალებით მოცული გახდება. გააღებ კარს და რაც არ უნდა აღელვებული იყო უმალ დამშვიდდები,გათბები. სახლი,რომელიც შენი მეგობარი და მესაიდუმლე იქნება, დაგეხმარება გაგინელოს ტკივილი და იგრძნო,რომ მარტო არ ხარ (სულიერად).

მინდა იწვიმოს და გავიგო როგორ შხაპუნობს წვიმა, მინდა ითოვოს და ვხედავდე,როგორ ათეთრებს არემარეს, ვხედავდე ფოთოლცვენას.

და მხოლოდ ჩემი სახლის ფანჯრიდან დავინახავდი მთელ სამყაროს,უსასრულობას.

ჩემი მშვიდი სახლი!

ჩემი პატარა ბიბლიოთეკა..