დაწერილია  სპეციალურად თბილისის წიგნის ფესტივალის მიერ გამოცხადებულ ბლოგერთა კონკურსისათვის.

სამყაროში არსებობს უამრავი საინტერესო თავგადასავლებით სავსე გზა,მაგრამ ადამიანთა უმრავლესობა უფრო მარტივ და ადვილად გასავლელ გზას ირჩევს. ამ გზაზე ჩვენ არც ჯადოსნური ფერიები, არც ელფები და არც რაიმე სხვა სახის ზებუნებრივი არსება შეგვხვდება. ჩემი წარმოსახვით, ჩვენ წინ აღმართულია ხის კარი,რომლის შეღებას სულის მხოლოდ ერთი შებერვა სჭირდება. თვალახვეულნი შევდივართ კარში, რომლიდანაც არასოდეს აღარავინ დაბრუნებულა, რადგან მის სიღრმეებში მცხოვრები არსება, მეტად მოხერხებულია,რომ ძლიერი მარწუხები ჩაგვავლოს და აღარასოდეს მოგვცეს უფლება, ვიხილოთ ის, რაც მანამდე, მუდმივად ჩვენ თვალთახედვაში არსებობდა და ხელს გვიწვდიდა. საკმარისი იყო მხოლოდ გაგვეხსნა ჩვენი გონების უკიდეგანო სიღრმეები და მიგვეცა საშუალება, თვალთ აგვხელოდა.
დიახ, ასე სწორედ ის ადამიანი საუბრობს,რომელმაც შეძლო და ჩართო ის ყოვლისშემძლე მექანიზმი,რომელიც გვიჩვენებს მიმართულებას იმ არაჩვეულებრივი გზისაკენ, ჯერ რომ ჩვენ არსებას არ უხილავს, მაგრამ დიდი ხნის ბრძოლის შემდეგ მიაღწევს, დაინახავს და ათრთოლებულს, აღფრთოვანების შეძახილი აღმოხდება.
მექანიზმის ჩართვის გზა თითოელი ჩვენთაგანისთვის ინდივდუალურია. ამ კონკრეტულ შემთხვევაში კი, მე საოცარი ავტორის, მეტად საოცარი წიგნი დამეხმარა, რომელში აღწერილი ამბავი და პერსონაჟები გგვრიან იმ შეგრძნებას,გულ-მკერდის არეში რომ დაისადგურებს და თითქოს სუნთქვის უნარის წართმევას ცდილობსო.
მე ვიმოგზაურე ორ არაჩვეულებრივ და მეტად საოცარ პიროვნებასთან, ჰანს თომასთან და მის მამასთან ერთად. ჩემს თავს გადამხდარმა ყოველივე მოვლენამ სასიამოვნოდ გამაბრუა და თავბრუ დამახვია. ეს იყო გამაოგნებლად საინტერესო და საუკეთესო შეგრძნებებით აღსავსე მოგზაურობა… ალპებში უცნაურ კაცს შევხვდით,რომელიც იმდენად პატარა აღმოჩნდა,რომ ჰანსი მთელი მოგზაურობის განმავლობაში ჯუჯის სახელით მოიხსენიებდა. უფრო განმაცვიფრებელი კი მის მიერ მოცემული გამადიდებელი შუშა აღმოჩნდა,რომელიც იდუმალი მზერით გადმოგვცა და გვითხრა დაგჭირდებათო. შემდეგ შევხვდით მეფუნთუშეს,რომლის გამომცხვარ ფუნთუშაში აღმოვაჩინეთ პაწაწინა წიგნი. წვრილი შრიფტის წაკითხვაში, იდუმალი ჯუჯის მიერ მოცემული ლუპა დაგვეხმარა. ჩვენც მოვიმარჯვეთ იგი და კითხვას შევუდექით. წიგნმა მოგვითხრო გასაოცარი ისტორია, საოცრებათა კუნძულის შესახებ,სადაც ყოველივე მის ბინადარს განსხვავებული შეხედულება ჰქონდა. შევხვდით უცნაურ არსებებს, რომლებიც გამუდმებით გაუგებარ წინადადებებს იმეორებდნენ და ზურგზე ბანქოს ნიშნები გამოსახვოდათ. შევშინდით და გავოცდით იმით,რომ კუნძულზე არ არსებობდა სხვა სულიერი, გარდა უცნაური არსებებისა. უამრავი კითხვა დაგვებადა, მანამ სანამ არ ვიპოვეთ ფროდე, ერთადერთი ადამიანი,რომელმაც გვიამბო კუნძულზე მომხდარი ჩვენთვის ამოუცნობი მოვლენების შესახებ…

აქ კი მე, შევჩერდები, სხვა მკითხველს დავუტოვებ ამ გასაოცარ მოგზაურობაში წასვლის სურვილს და ვისაუბრებ იმაზე თუ რამ შემაძლებინა ჩამერთო ზემოთ აღნიშნული ყოვლის შემძლე მექანიზმი.
წიგნში აღწერილ მოვლენებზე უფრო საინტერესო, პერსონაჟების საშუალებით გადმოცემული ავტორისეული თვალთახედვა და შეხედულებებია. ჩემს არსებაში მუდამ არსებობდა საოცრებათა სამყაროს საკუთარი თვალით ხილვის სურვილი და ვფიქრობდი,რომ მხოლოდ ამ შემთხვევაში ვიპოვიდი იმ “ზე”-ს,რომელიც გააქრობდა დაუკმაყოფილებლობის შეგრძნებას, რაც მუდამ თან მსდევდა.
საბედნიეროდ ჩემამდე მოაღწია წიგნმა, რომელიც ასე სჭირდებოდა ჩემს სულსა და გონებას. მან “მაიძულა” მეფიქრა და ჩავწვდომოდი ჩემში არსებულ ამოუცნობს,რომლის განთავისუფლებაც უდაბნოში მომაკვდავისთვის ჭიქა წყალივით აუცილებელი და საჭირო იყო. ავტორმა ჩამჩურჩულა სიტყვები,რომლებიც სამარდჟამოდ დაამახსოვრდება ჩემ გონებას. მან მიბრძანა დამენახა ის უდიდესი საიდუმლო, რომ სწორედ ჩვენ თვალწინაა გადაშლილი, მთელი ეს საოცარი და საგონებელში ჩამგდები ქვეყნიერება. მან ადამიანი შეადარა ჯადოსნურ კუნძულზე არსებულ მთვლემარე და გულმავიწყ არსებებს, რომელთაც დაავიწყდათ, რომ ჩვენი ცხოვრება უნიკალური თავგადასავალის ნაწილია. ავოტრმა აგრეთვე გამიზიარა საკუთარი თვალთახედვა და ჩემში საოცარი სურვილი აღძრა, მისი თვალებით დამენახა ჩვენს გარშემო არსებული ყოველივე.
“სამყარო საიდუმლოა. პირადად მე სულ სხვანაირად ვუყრებდი ყველაფერს. სამყაროს საკვირველ სიზმრად აღვიქვამდი და სულ იმის ძიებაში ვიყავი, როგორმე ამეხსნა, როგორ “აიწყო” და ამოქმედდა ეს ყველაფერი.”
ამ საოცარმა მწერალმა დამისვა კითხვა “რატომ ხარ ცოცხალი?”,რომელზეც დიდი ხნის განმავლობაში ვფიქრობდი და ახლაც არ ვიცი, გავეცი თუ არა სრულფასოვანი პასუხი. მსურს მოვიყვანო ნაწყვეტი,სადაც გემბანზე მყოფი ჰანს თომასი დიდი ინტერესით აკვირდება ხალხს: “შესაძლოა ითქვას, ისინი ცოცხლები უფრო იყვნენ, ვიდრე ცნობიერ შეგნებულნი.” ამ სიტყვებმა სამუდამო ადგილი დაიკავა ჩემს არსებაში და იმ დღიდან ვცდილობ, არასოდეს დავემგვანო მათ, ვიზეც ჰანს თომასი ამგვარად საუბრობდა.
ავტორმა თავი გასაოცარი ზღაპრის გმირად მაგრძნობინა, მისმა ყოველმა სიტყვამ ჩემში საოცარი გარდატეხა მოახდინა და კიდევ ერთხელ დამარწმუნა რომ ვარსებობ იქ, სადაც ჩემთვის განკუთვნილი ადგილი დიდ ხანს მელოდებოდა. ბოლოს კი მეც დავიმკვიდრე თავი ამ “გიჟურ თავგადასავალში,” მეც ვარსებობ და დღითი-დღე ვცდილობ გადავიქცე ისეთ პიროვნებად,როგორიც წიგნის გმირები გახლდნენ. მე არ მსურს მივყვე იმ ადვილად საპოვნელ გზას და შევაღო ხის კარი,საიდანაც არ ბრუნდებიან, აღარ გამიტაცებს “ზებუნებრივი,” რადგან ვეთანხმები ავტორს და ვთვლი,რომ ეს “დიდი სიბრმავით დაავადების სიმპტომია.” სწორედ ეს წიგნი გახლავთ ის,რომელმაც მიმახვედრა,რომ აუციელებელია გონებაში ნათელი სურათი შევიქმნა, გავიაზრო და არ დამავიწყდეს რომ “მთელი სამყარო განზრახ არის ჩაფიქრებული.” და ადრე თუ გვიან დავინახავ, რომ ” აურაცხელ ვარსკვლავთა და გალაქტიკათა მიღმა, რაღც მიზანმიმართული აზრი დევს.” ამიხსნა, რომ ჩვენ იმდენად დიდი ხანია ვარსებობთ ამ სამყაროში,რომ ყოველივე მასთან დაკავშირებულში უჩვეულოს ვეღარაფერს ვხედავთ. ნათქვამის დასამტკიცებლად მომიყვანა მაგალითი, რომელიც ბავშვებს ეხებოდა: “ვიდრე ბავშვები ვართ, საგანთა განცდა-შეგრძნების უნარიც მოგვდგამს. ვიზრდებით და ყველაფერს ვეჩვევით. როგორც ჩანს გაზრდა მგრძნობელობითი ცხოვრების მიძალებას ნიშნავს.” წიგნის პერსონაჟებმა აღმიძრეს სურვილი, მანამ არ დავტოვო ეს დედამიწა, სანამ არ შევიცნობ საკუთარ არსებას და იმას თუ საიდან მოვდივარ. ჩემი გონების ზედაპირზე ამოტივტივდა ის უმნიშვნელოვანესი საკითხები, რომლებიც არაჩვეულებრივი გზისკენ მიმიყვანს და ნათლად გავიაზრე,რომ ” არაფერია ამ ქვეყნად ისეთი რთული და მშვენიერი,როგორც პიროვნება.”
ამ ყოველივეს შემდეგ, მე ბედნიერი ვარ იმით რომ 1952 წლის 8 აგვისტოს, სამყაროს იუსტაინ გორდერი მოევლინა და მადლობას ვუხდი მას,რომ შექმნა ისეთი საოცარი წიგნი,როგორიცაა “ბანქოს საიდუმლო” და რომლის გამოც ასე გავისარჯე.
“მოიძებნება კი მათ შორის თუნდ ერთი კაცი, ისე რომ განიცდიდეს სამყაროს, როგორც ერთ დაუსრულებელ თავგადასავალს და საიდუმლოს? “

Advertisements

ბლაყჩობა!

არაფერია ერთდროულად სასიამოვნოც და მტანჯველიც,როგორც უყურებდე საკუთარი თავის გარდაქმნას. უყურებდე თუ როგორ ვითარდება, ცდილობს მისთვის სასურველ სრულფასოვნებამდე მიაღწიოს, ნელ-ნელა იღწვის ბედნიერებისკენ. მიხვდი ალბათ რაზეც ვსაუბრობ. ზოგჯერ ტანში ჟრუანტელი დაგივლის იმის გაფიქრებაზე, თუ რა იქნება მომავალში, როგორ გადააბიჯებ ყველა წინააღმდეგობას,რომელსაც საკუთარი თავი და შინაგანი სამყარო გიქმნიდა, როგორ ახვალ რამდენიმე საფეხურით მაღლა ვიდრე იყავი.

1521418_409684532494764_747027191_n

ჩვენ ხშირად განსაკუთრებით გავაღმერთებთ ხოლმე რომელიმე წინგს ან ფილმს. მეც მაქვს ჩემთვის გამორჩეული ფილმები და არა იმიტომ,რომ ისინი მსახიობებით ან შინაარსით გამოირჩევიან, უბრალოდ მათში აღწერილია ისეთი მოვლენები, რომლის ცხოვრებაში და ჩვენს რეალობაში გადმოტანას ვისურვებდით. ვისურვებდით და არ ხდება… ამიტომაც,ჩვენ გამუდმებით შეგვიძლია ვუყუროთ და წავიკითხოთ ფილმისა თუ წიგნის ერთი გამორჩეული მომენტი. ხშირად ამაზე ფიქრისას, მოულოდნელად სევდა შემომწოლია. საკუთარი თავი და ადამიანები შემეცოდებია, რომელთაც აქვთ ოცნებები და შეიძლება ყოველ ღამით ძილის წინ წარმოიდგენენ როგორ ანხორციელებენ მას. შემდეგ კი შეიძლება სულაც სხვა გზით წავიდნენ და ოცნებები პატარა ზარდახშაში მოათავსონ,საიდანაც ვეღარასოდეს გამოვა და მხოლოდ მაშინ გამოჩნდება,როცა ამ ზარდახშას თავს ახდიან. თუმცა ოცნებებს,კვლავ ოცნების სახე არ ექნება. ზარდახშაში გამომწყვდეული,უფრო სევდის სახეს მიიღებს,რომელიც გარკვეული დროის შემდეგ ადამიანს თავს ახსენებს და გულს წყვეტს.

ზოგჯერ იმასაც ვფიქრობ,რომ ჩვენი ბრალია,რაც არ ხდება და ჩვენ არ ვაძლევთ საკუთარ თავს ამის უფლებას. რაღაც მხრივ ეს მართლაც ასეა. უბრალოდ არის მომენტები,როცა არ უნდა იფიქრო და გადადგა რაიმე ნაბიჯი. ხანდახან ასეთი წინდაუხედაობაც საჭიროა. თუმცა ადამიანის უმრავლესობას და მათ შორის მეც, მეტ ფიქრს უთმობს დროს. ამ დროში კი შესაძლებლობა უკვე წასულია და ჩვენ მას ვეღარ ჩავეჭიდებით.
large (82)
Continue reading

ბლინის ხვრელიდან დანახული სამყარო.

-რა არის ეს ტკბილი არაა.

-რა არაა ტკბილი?

-რა და ბლინი.

-როგორ შაქარი გავუკეთე.ტკბილია!

-ოოო,არაა-მეთქი.

და იმის დასამტკიცებლად,რომ ბლინი ტკბილი იყო ავიღე და გავსინჯე… “მართლა არ ყოფილა ტკბილი, შეიძლება სულ ოდნავ.”-გავიფიქრე,მაგრამ არ ვაღიარე.

-რა გინდა, ტკბილია.

შევნიშნე ბლინს პატარა ხვრელები ჰქონდა, ჰოდა ერთ-ერთში ჩემი ყოვლისმხედველი თვალით გახედვა ვცადე.

Continue reading

დაძველებული.

ცხოვრება მშვენიერიაო-თქვეს..
მე კი მაინც მიუწვდომლისკენ მივილტვი. მე კი მინდა გამოვცადო რაღაც “ზე,” წარმოუდგენლად მაღალი… ვუმზერ მაღალ მთებს,შემოდგომისგან გაყვითლებულ ბუნებას და ვხვდები,რომ მინდა ამ სილამაზის ნაწილი ვიყო. ჩემი გაურკვეველი გრძნობები მეუბნებიან,რომ აქ არის ჩემი ადგილი და სახლში დაბრუნების სურვილი მიქრება… ძველ გრძნობებს მივტირი, ყველაფერს გაიხსენებ, ერთხელ შეგრძნებულს კი უკან ვეღარ დააბრუნებ. აქ ვხვდები რომ თავზე საოცრება დამყურებს, ჰორიზონტზე რაღაც მოჩანს… იქ მინდა,თუმცა მივაღწევ თუ არა ყველაფერი ამ ქინქლებივით პატარა ნაწილებად დაიშლება,ახლა თავს რომ დამტრიალებენ და მოსვენებას არ მაძლევენ.

მოვძებნი, მოვძებნი მას, ვინც იცის რას ნიშნავს უყურებდე და სულს სასიამოვნო მღელვარება ეფინებოდეს.

-ნუ ეძებ სიტყვებს.. სიტყვები გაქრა, შენ ვერ გადმოსცემ იმას,რასაც ახლა გრძნობ.. შენ მხოლოდ ნახევრის ნახევარი შესძელი. დანარჩენი კი შენთან ერთად აგრძელებს ცხოვრებას.

Train

მატარებლით მგზავრობა ყოველთვის მიყვარდა. ბავშვობამ სასიამოვნო მოგონებები დამიტოვა და მეც დიდი სიხარულით ველოდებოდი როდის გავემგზავრებოდი. ვემზადები,ჩანთას ვალაგებ, მივდივარ წიგნების თაროსთან და ვცდილობ რაიმე სასიამოვნო წიგნი ავარჩიო,გულს,რომ თბილი რძესავით მოეფინება. დილით ვიღვიძებ და მივდივარ. მივდივარ და ვტოვებ ძველს ახალთან შესაგებებლად. ვუყურებ დედას, რომელიც სევდანარევი ღიმილით შემომცქერის. ალბათ იმიტომ,რომ ჩემი გაშვება ეძნელება. თუმცა არ წავიდოდი დაბრუნების იმედი რომ არ მქონოდა.

აი მატარებელიც და ჩემი მოუთმენელი ცქმუტვა, ისეთი ბავშვობაში რომ ვიცოდი. დაიძრა,დაიძრა და მე თითქოს რაღაც მეწყინა.. ერთდროულად სევდიანი და სასიამოვნო გრძნობაა. მთელი გზა გავცქერი ბუნებას,ვაკვირდები ყველაფერს და ვცდილობ არაფერი გამოვტოვო. იმის აღნიშვნა ალბათ საჭიროც არ არის,რომ მუსიკა სულ გვერდით მყავს. თვალსაც არ ვხუჭავ,ეს დანაშაულად მეჩვენება. ბოლოს ვიღებ წიგნს და კითხვას ვიწყებ. მიხარია,რადგან სწორად შემირჩევია წიგნი,რომელიც მჭირდებოდა. ეს ჯეკ ლონდონის “დიდი სახლის პატარა დიასახლისია.” როგორ სასიამოვნოდაც დაიწყო,ისე გრძელდება და თვალს არ ვწყვეტ. თუ განწყობის შესახებ მკითხავ, მეტად სენტიმენტალური და სევდიანი შეიძლება ითქვას. მჩვევია ასეთ მომენტში უეცარი სევდის მოგვრა,მაგრამ ამას სასიამოვნო სევდას დავარქმევდი. მატარებელი მიდის,ხმაურობს,მაგრამ მე ეს ხმაურიც მომნატრებია. ემოციებით სავსე მივდივარ,მაგრამ ვიცი რომ დავრუნდბი,რადგან დაბრუნებას არაფერი ჯობია.  მატარებელი გაჩერდა და ჩემი ჩასვლის დროც მოვიდა. არ ვიცი რას ვგრძნობ მიხარია თუ მიმძიმს სახლთან განშორება. დიდი ხანია ასე შორს მისგან არ წამოვსულვარ.

აქ ყველაფერი სხვანაირია და ვეღარ ვხედავ ნაცნობ “სურათებს.” ხალხი მაოცებს.. თურმე რა დიდი გულის პატრონი შეიძლება იყოს სიღარიბეში, შრომაში გაზრდილი ადამიანი.  ბუნება? საოცარი..  მწვანე,გაშლილი მდელო და ცა,რომელიც აქედან ძალიან კარგად ჩანს.

ღამე.. მონატრება ძველისადმი. არ ვიცოდი თუ ასე მალე მომენატრებოდა.  სახლი- ამ სიტყვის გაგონებაზე გული გამალებით მიცემს. სიყვარულით ვიხსენებ ყველაფერს..  აქ თითქოს მომწონს.  მომწონს მდინარე და მისი საამო ხმა, კოცონი და მის გარშემო შემომსხდარი ჩვენ,მაგრამ ისევ მონატრება იჩენს საიდანღაც თავს.. უცნაურია, ნეტავ ჩემსავით სხვასაც თუ უგრძვნია თავი.

აქ ბევრ ახალსაც ვგებულობ. ვგებულობ იმას,რომ შენი შრომით მოპოვებულს არაფერი ჯობია. აქ უნდა იბრძოლო გაჭირვებას,რომ გადაურჩე. აქ ყველაფერი სხვანაირია…  აქ ვრწმუნდები,რომ შრომა აკეთილშობილებს ადამიანს.

თითოეულ დღეს წერას, კითხვას, მუსიკას ვუთმობ.  ვწერ გაუჩერებლად ,რადგან ძველს მაახლოვებს.  მუსიკა კი წამოშლის იმ დამარხულ ემოციებს,შეგრძნებებს,რომელსაც მხოლოდ ასე თუ გავიხსენებდი.

მერე კი ისევ მატარებელი..

და დაბრუნება…

სახლი..

 

Letters…

22 სექტემბერი ქარის მოტანილი წერილების დღეა.  დღე რომელსაც შეუძლია უამრავი სასიამოვნო ემოცია მოგგვაროს.  დიდი ხანია ვნატრობ ვინმესგან წერილი მივიღო, ისეთი სულის სიღრმეში არსებული დამშვიდებული ემოციათა ტალღა,რომ ააღელვოს და მუზებთა სამეფო,რომ გადარიოს, მიძინებულ მუზებს მაგრად დახუჭული თვალები აუხილოს. ვინ იცის, შესაძლოა სულაც ვერ ვიპოვო,მაგრამ ის მაინც მეცოდინება,რომ ჩემი წერილს ვიღაც წაიკითხავს და სახეზე ღიმილი მოეფინება.

 

 

Mind

ვინანე,როცა წერა შევწყვიტე. ვინანე,როცა ზაფხულის უდარდელ და თავქარიან დღეებს ავყევი და ფიქრს ნაკლები დრო დავუთმე. ვინანე,როცა აღმოვაჩინე თურმე რა დამიკარგავს. ვნანობ იმას,რომ ჩემ შეხედულებებს ხაზი გადავუსვი და ძველის დამარხვა ვცადე.

ვამბობდი როცა ადამიანი საკუთარ თავს იპოვის, მაშინ დალაგდება მისი ცხოვრება-მეთქი. ნაწილობრივ მართალია.. მე ჩემი თავი წერაში ვიპოვე როგორც არ უნდა ვწერდე. მიტოვებულ საქმეს დიდი ხნის შემდეგ რომ დავუბრუნდი, ხელახლა დაბადების შეგრძნება მქონდა. თითქოს ჩემში ახალმა, ან ძველმა,მაგრამ უფრო ახლმა გაიღვიძა და გარშემოც ყველაფერი შეიცვალა, მიუხედავად იმისა,რომ ამას სხვა ვერ ამჩნევს. მივხვდი,რომ არ უნდა წამერთვა ჩემი თავისთვის ის,რაც ასე ძალიან მომწონდა. მე კი მის ჩამარხვას და თავის გამართლებას ვცდილობდი.

საშინელებაა საინტერესო ფიქრების გარეშე გატარებული დღე. საშინელებაა და მე ეს საშინელება გამოცდილი მაქვს. საშინელებაა თავქარიანი,უდარდელი,გაუაზრებელი ცხოვრება და მე ესეც გამოცდილი მაქვს. მივხვდი, მირჩევნია მთელი დღე ფიქრში,წარმოსახვაში, მუსიკაში გავაატარო, ვიდრე უაზრო,არაფრის მომცემ ლაყბობაში. (თუმცა ზოგჯერ ესეც საჭიროა)

მოწყენლიობაც იქიდან მოდის,როცა შენ თავთან არაფერი გაქვს საერთო.. შენ და შენი უამრავ “მე” ერთმანეთს ვერ ეგუებიან. საკუთარი თავი გაგაოცებს და გაიგებ იმას,რაც გონებაში გქონდა,მაგრამ ყურადღება არასოდეს მიგიქცევია.