თეთრი ღამეები

დოსტოევსკის “თეთრი ღამეები” ეს არის მოთხრობა,რომელმაც საოცრად შემაყვარა ოცნება. შეიძლება ითქვას ისე როგორც არასდროს. დოსტოევსკიმ მართლაც შეძლო არაჩვეულებრივად გადმოეცა ადამიანის გრძნობები და მკითხველის გულამდე მიეტანა. თუმცა მას ჩემი შეფასება არ სჭირდება. იგი საყოველთაოდ აღიარებულია და მუდამ იქნება.  მოთხრობის მთავარი პერსონაჟი მეოცნებეა,რომელიც თავის ამბავს მოგვითხრობს. მისი ამბავი მეტად უცნაურია,ზუსტად ისეთი,როგორიც ნამდვილ მეოცნებეს შეიძლება ჰქონდეს.

მეოცნებე არავის,მაგრამ ყველას იცნობს. იგი სრულიად მარტოა,არავინ ჰყავს,რომ საკუთარი შთაბეჭდილებები გაუზიაროს. მთელს დღეებს ქუჩებში ხეტიალს და ხალხზე დაკვირვებას ანდომებს. მან ზუსტად იცის ვინ,როდის და სად მიდის. იგი იცნობს იმ ხალხს,რომელიც ყოველ დღე ხვდება,იგი იცნობს მათ სულიერ მდგომარეობას, ისინი კი არა.. ერთ დღეს კი იგი სრულიად მარტოსულად იგრძნობს თავს. ეს ის დროა,როდესაც ხალხი დასასვენებლად მიდის და ქალაქში აღარავინ რჩება. მეოცნებე კი გრძნობს,რომ მისი “ნაცნობები” მიდიან და ტოვებენ მას. მისთვის ძნელია მარტო დარჩენა და მთელი სამი დღე ნაღველით სავსე ხეტიალობს პეტერბურგის ქუჩებში.

მეოცნებეს ცხოვრება ასე სევდიანად,ოცნებაში გრძელდებოდა,სანამ მის ცხოვრებაში რაღაც განსაკუთრებული არ მოხდა.  საღამოს ჩვეულებრივ სეირნობის დროს,მან ახლაგაზრდა ქალი გაიცნო (თუ როგორ გაიცნო ამას აღარ დავწერ) მეოცნებე საოცრად დაინტერესდა მისით. საუბარში ირკვევა,რომ ქალს მასზე არანაკლებ უცნაური ისტორია გადახდენია თავს. მეოცნებეს დიდი თხოვნით ისინი არაერთხელ შეხვდებიან ერთმანეთს. მათი შეხვედრა და საუბრები იმდენად გულში ჩამწვდომი იყო,ისეთი საოცარი გრძნობა მოდიოდა ჩემამდე,რომ ზოგჯერ ცრემლების პირასაც მივყავდი.  ასე ხდება,როდესაც ორი განსაკუთრებული ადამიანი შეხვდება ერთმანეთს. ისინი მთელ ღამეებს თეთრად,საუბარში ატარებდნენ.

საკუთარი ისტორიის მოყოლას, მეოცნებე იწყებს,რომელიც როგორც ვთქვი მეტად უცნაური ადამიანია. იგი უყვება ქალს თუ როგორ ატარებს მთელ დღეებს ოცნებაში და რომ მას ოცნება რეალობად გადაქცევია. მას რეალობასთან თითქმის ყველანაირი კავშირი აქვს გაწყვეტილი და ახლა,როცა იგი შეხვდა ამ ქალს, თითქოს ახალი სამყარო გადაეშალა თვალწინ.

მეოცნებეს არაფერი სურს, რადგან სურვილზე ძლიერია, რადგან ყველაფერი აქვს, თვით არის საკუთარი ცხოვრების მხატვარი და ყოველ წუთს შეუძლია იგი თავის ნებაზე გარდაქმნას. მერედა, ნუთუ ასე ადვილად, ასე ბუნებრივად იქმნება ეს ზღაპრული, ფანტასტიკური სამყარო! თითქოს ყოველივე ეს მართლაც არაა მოჩვენება!

Continue reading

დღენი ჩემი სიჭაბუკისა

საოცარია როგორი ახლობელი შეიძლება გახდეს მწერალი,როდესაც იგი თავის ცხოვრებას თავად აგიღწერს, გიყვება მის გატაცებებზე, გახედებს მის სულში-სწორედ ასეთია რაბინდრანათ თაგორის “დღენი ჩემი სიჭაბუკისა”, რომელიც ავტობიოგრაფიული ნაწარმოებია,მაგრამ შეიძლება აღიქვა ისე,როგორც ერთი საინტერესო ბიჭუნას ისტორია. თაგორი აგვიღწერს მის სახლ-კარს,საცხოვრებელ მიდამოს, მშობლებს და იმ სამყაროს, სადაც იგი ცხოვრობდა.  თავისივე მონათხრობიდან ჩანს,რომ თაგორი პატარაობიდანვე გამოირჩეოდა სხვა ბავშვებისგან. კითხულობდა წიგნებს,ეცნობოდა პოეზიას და ცდილობდა ყოველმხრივ განათლებულ ადამიანად ჩამოყალიბებულიყო. პოეზიასთან გაცნობის შემდეგ,თავად გაუჩნდა სურვილი,რომ ლექსები ეწერა  და დიდი მონდომებით შეუდგა ამ საქმეს. საკუთარ ლექსებს კი მშობლებსა და ნაცნობებს უზიარებდა. ლექსებთან ერთად სიმღერების წერაც დაიწყო.გასაოცარი ისიც იყო,რომ იგი ამ ყველაფერს ბენგალურ ენაზე წერდა,რომელიც საკმაოდ რთულია და დღესდღეობით ცოტა თუ საუბრობს ამ ენაზე,მაგრამ მან მონდომებით ყველაფერი შეძლო.

ამ ყველაფერთან ერთად ავტორი გვესაუბრება მშობლებზე. იგი საინტერესოდ აგვიღწერს მამას და მის დამოკიდებულებას მამის მიმართ. ჩანს,რომ მამას სურდა შვილები დამოუკიდებელ,სრულფასოვან ადამიანებად ჩამოყალიბებულიყვნენ. ყველაზე დასაფასებელი თვისება,რაც მე მასში აღმოვაჩინე ის იყო,რომ შვილებს არასოდეს უკარგავდა იმედს,არასოდეს ეუბნებოდა ვერ შესძლებო. ამიტომაც იყო დაინტერესებული თაგორის გატაცებებითა და აღმოჩენებით. იგი მუდამ გატაცებით უსმენდა შვილს, აღიქვამდა როგორც ზრდასრულ ადამიანს. თაგორი ცოტას თუ საუბორბს დედაზე. მასზე მაშინ გვესაუბრება,როცა იგი გარდაიცვლება. “უეცრად უჩვეულო სეცდა მომაწვა გულზე,რადგან გავიფიქრე,რომ დედა უკან აღარასდროს დაბრუნდებოდა და თავის ჩვეულებრივ ადგილს ვეღარ დაიჭერდა ჩვენს შინაურ ცხოვრებაში.”

არც ერთი ჭრილობა დიდ ხანს არ რჩება, მით უფრო ბავშვობაში. ერთხელ კი სიკვდილის მიერ მოყენებული პირველი კვალი სრულიად გაქრა და აჩრდილს დაემსგავსა. თაგორი მხოლოდ ზრდასრულ ასაკში აცნობიერებს თუ რა დიდი ტრაგედია სიკვდილი თითოეული ადამიანისათვის. იგი ამბობს,რომ ოცდაოთხი წლის ასაკიდან სიკვდილი მისი მუდმივი ნაცნობი გახდა. “ბავშვის უზრუნველი ბუნება ადვილად ივიწყებს ყოველგვარ უბედურებას,მაგრამ მოზრდილი ადამიანი ასე ადვილად ვერ გაექცევა სევდას და ეს საბედისწერო დარტყმები მთლიანად ჩემს გულს ხვდებოდა”

იგი აგვიღწერს სიკვდილს,იმდენად ტაგიკულად,რომ წარმოუდგენელია თითოეული ჩვენთაგანის გულში  არ შეაღწიოს. მეც არ შემიძლია საკუთარი ენით გამოვხატო ჩემი გრძნობები,ამიტომ მინდა,რომ თქვენც გაგიზიაროთ თაგორის ტრაგედია.

მანამდე ფიქრადაც არ მომდიოდა,რომ ბედნიერებისა და უბედურების უწყვეტ ჯაჭვში შეიძლება არსებობდეს ცარიელი ადგილები. ამიტომაც ამ ცხოვრებას აღვიქვამდი როგორც მთლიანსა და განუყოფელს. და როდესაც უეცრად თავს დამტყდარმა სიკვდილმა ამ თითქოს მთლიან ქსოვილში გაჭრა ნაპრალი,დავიბენი. ყველაფერი ძველებურად დარჩა:ხე,წყალი.მიწა,მზე,მთვარე,ვარსკვლავები,დარჩა ისევე,როგორც იყო,მაგრამ ადამიანი,რომელიც ასვე არსებობდა,ადამიანი,რომელთანაც სულითა და ხორცით დაკავშირებული ვიყავი,გაქრა,ვით ლანდი. ირგვლივ ყველაფერი ყალბად, ცრუდ  და შეუსაბამოდ მეჩვენებოდა! როგორ შემეძლო , შემეთვისებინა ყველაფერი,რაც დარჩა,იმასთან,რაც აღარ იყო? უძირო ბნელეთი დროდადრო ჩემში სადგურებდა და არც დღით,არც ღამით არ მასვენებდა. დროდადრო ვუბრუნდებოდი ერთხელ დავიწყებულ კითხვას და ვცდილობდი გამეგო,რა დარჩა იმის სანაცვლოდ,რაც უკვალოდ გაქრა. ადამიანისთვის არ არსებობს სიცარიელე; რაც არ არსებობს-მოგონილია; რაც მოგონილია,ის სიცრუეა. ამიტომაც ვცდილობთ რითიმე ამოვავსოთ ხოლმე ადგილი,სადაც ვერაფერს ვხედავთ.

თაგორი ბევრს მოგზაურობდა,ხვდებოდა სხვადასხვა სახის ხალხს,ეცნობოდა კულტურას, ლიტერატურას. მას ჰყავდა მეგობრები ბევრად უფროსი მასზე,მაგრამ არც ერთი მათგანი არ აღიქვამდა როგორც ბავშვს. ყველა ხვდებოდა,რომ იგი განსხვავებული იყო.  “ასაკობრივ სხვაობას აზრებსა თუ გრძნობების ურთიერთგაგებაში არავითარი მნიშვნელობა არ ჰქონდა”

Continue reading

ადამიანი ხარ

tumblr_mho5bpkfTQ1qhrr12o1_400_large

 

როცა რაღაც შენზე მაღლა მდგომი ეხება შენი სულის უაღრესად მგრძნობიარე წერტილს და ცრემლები გისველებს ლოყებს,მაშინ გრძნობ,რომ ადამიანი ხარ. როცა ლამაზი მელოდია გაგიტაცებს,უსასრულოდ და თითქოს შენ სხვა ხარ. სხეული კანკალს იწყებს და უძლურდება, შენ კი გსიამოვნებს,რადგან ხვდები,რომ ადამიანად დაიბადე. ჰო ადამიანი ხარ..

-რატომ არის ადამიანად ყოფნა ასე ძვირფასი?

-რატომ? ამას ასე ადვილად ვერ ავხსნი.. როგორ მინდა შენც გამოცადო ადამიანად ყოფნის სევდა.

-სევდა..

-ჰო,სევდა.. ვერ ჩასწვდები,ნუღარც იფიქრებ ამაზე.

-მაინც რატომ? რატომ იბრძვით ადამიანობისთვის?

-ადამიანი-ამ სიტყვაში მთელი უსასრულობაა მოქცეული. იმდენად ღრმაა მისი მნიშვნელობა,რომ ჩასწვდები თუ არა ყველაფერს აზრი დაეკარგება. ამ სიტყვას მუდამ სასიამოვნო იდუმალება დასდევს თან,თითქოს გეშინია შენი ჩარევით არ შებღალო იგი.

-სიცოცხლე რაღაა?

-ჰმ.. ამას ჩემი პასუხი არ სჭირდება. შეიძლება ჩოხელის სიტყვებით გიპასუხო?

-ბრძანეთ..

-“სიცოცხლე სევდა არის,ადამიანად ყოფნის ტკბილი სევდა”… და როგორც ყოველთვის შენ ქრები,მიდიხარ სადღაც შორს. ისე,რომ ერთ სიტყვასაც არ მეტყვი. მაინც რას ფიქრობ? სწორად გაგეცი პასუხი?

 

Nothing else matters

ყველაფრისგან გადაღლილი გამოვედი აივანზე და მთვარეს გავხედე,რომელსაც ღრუბელი ამოფარებოდა. ჩემს ფიქრებში უგზო-უკვლოდ დაკარგული,რაღაც შორეულს ვუმზერდი. მივხვდი,რომ უკვე nothing else matters და მხოლოდ მცირედს ვითხოვ ამ ცხოვრებისგან. მოპირდაპირე ფანჯარაში შუქი აინთო,ნიშანი მომცა და აი გაჟღერდა ის,რისი მოსმენაც საოცრად მჭირდებოდა. იცის,რომ Metallica-Nothing else matters მამშვიდებს.. ზოგჯერ მაოცებს. თვალები დავხუჭე და უბრალოდ მუსიკას მივენდე,რომელიც ახლა საოცრად მამშვიდებდა. ხელით მოაჯირს დავეყრდენი და თავი დავხარე.
აი გაისმა ჯერ გიტარის,შემდეგ კი ვოკალისტის სასიამოვნო,გამაგიჟებელი ხმა, so close,no matter how far,couldn’t be much more from the heart..ახლა,რომ ჟრუანტელს მგვრიდა.  ვგრძნობდი,რომ მთელი ტანით ვთრთოდი. თვალწინ ის მძიმე წუთები წარმომიდგა, შემდეგ კი მუსიკის კულმინაციამ ყველაფერი დამავიწყა და ისევ იქ,სადღაც შორს აღმოვჩნდი. ისმის ვოკალისტის უკვე მშვიდი ხმა და უკანასკნელი ნოტები.

So close, no matter how far
Couldn’t be much more from the heart
Forever trusting who we are
and nothing else matters

მუსიკაც მორჩა, თვალები გავახილე,სევდანარევი ღიმილით მიმზერდა, მეც გავუღიმე…

-მერე?
-მერე? მერე შენ გააგრძელე.