მთვარის შუქი

კარი გაიღო და სანთლის შუქმა შემოანათა ცივ სარდაფში. გაყინული შემოვიდა,სანთელი ძირს დადგა,ხის ტოტებს ერთად მოუყარა თავი. ცდილობს ცეცხლი დაანთოს,მაგრამ ტოტები სველია, ნელ-ნელა გრძნობს როგორ ეყინება მთელი სხეული,თვალზე ცრემლი ადგება. საოცარი ტკივილი იგრძნო, ხმამაღლა ამოიოხრა,თითქოს რაღაც საშინლად სევდიანი ამოუშვაო. გარემო მოათვალიერა,მაგრამ ვერსად ნახა სიმშვიდე,ნუგეში,თანაგრძნობა.მხოლოდ მთვარის შუქი ანათებდა  ბნელ,ტკივილით გაჟღენთილ სარდაფს. შეხედა მთვარეს და გაეღიმა,ახლა მხოლოდ მისით ტკბებოდა,მისმა სილამაზემ თითქოს სულში შეაღწიაო. გაყინულ თითებს ძლივსღა ამოძრავებდა,სახეზე ცრემლი შეჰყინოდა. ისევ ტკივილი,საშინელი ტკივილი,თითქოს ახლა გული ფერფლად იქცევაო. თვალები დახუჭა და ლოცვა დაიწყო, გრძნობდა როგორ უსველდებოდა ლოყები..

და აი, ცეცხლი აინთო,სახეზე უდიდესმა სიხარულმა გადაურბინა,სიცივისგან გათოშილი ხელები შეუშვირა გასათბობად,თანაც დიდი სიამაყით შეხედა ცეცხლს. უმზერდა ისე,როგორც სასწაულს, მის ერთადერთ ნუგეშს,უდიდეს ქმნილებას,რომელიც თავად შექმნა. ცეცხლი ათბობდა მის გულს,სულს.. თითქოს ხელახლა დაიბადაო.

უცბად შემოისმა ნაცნობი მუსიკის ხმა,თვალები აენთო და გარეთ გამოვარდა. ვიღაც მთელი გრძნობით უკრავდა მუსიკას,რომელიც ყოველ ღამით ესმოდა ცივ სარდაფში,სულს უვსებდა,რომელიც ცხოვრებას განსხვავებულად აჩვენებდა და არა ისე,როგორსაც ხედავდა.

აი ის ფანჯარაც,აი სადიან ისმის მუსიკის ხმა. ფეხის წვერებზე დადგა,მაგრამ მხოლოდ შავი ფარდის დანახვა მოახერხა. აცივდა,საშინლად აცივდა. ისევ სარდაფს მიაშურა,სადაც ცეცხლი და მთვარის შუქი ელოდა. შევიდა და ცივ მიწაზე დაწვა, ცეცხლი ქვრებოდა,თვალები დახუჭა და მუსიკას მიენდო. მალე ჩაეძინა და წავიდა სადღაც შორს…

ცეცხლი ჩამქრალიყო,მთვარის შუქი ანათებდა მის საოცრად ლამაზ სახეს,რომელიც სიცოცხლეს მიეტოვებინა. საიდანღაც ისმოდა,ვიღაც ნაზად,მთელი არსებით უკრავდა დებიუსის “მთვარის შუქს.” ის კი ვეღარ გრძნობდა ვერც მთვარის და ვერც მელოდიის იდუმალ სილამაზეს. უკვე ძალიან,ძალიან შორს იყო ამ ყველაფრისგან. წავიდა და თან წაიღო სიამოვნება,რომელიც მუსიკამ მიანიჭა,სითბო,რომელიც დანთებული ცეცხლისგან შეიგრძნო და სილამაზე,რომლითაც ასე დაჯილდოვებული ყოფილა მთვარე. ტკივილი კი სადღაც გამქრალიყო. ერთდროულად ლამაზი და საშინელი სიკვდილი მოუვლენია განგებას მისთვის.

მშვიდი სახლი

ის განწყობა,რაც ახლა მაქვს გუშინ ნანახმა ფილმა შემიქმნა,რომელსაც “სახლი ტბასთან” ჰქვია. ფილმი ძალიან კარგი და სასიამოვნო გამოდგა.. განსაკუთრებული შთაბეჭდილება მაინც განმარტოებით,ლამაზ ბუნებაში მდგომმა სახლმა მიიქცია ყურადღება და მეც გადავვარდი ოცნებებში. როგორ მინდა მქონდეს სახლი,მართლაც ტბასთან და ეს სახლი იყოს ყველასგან და ყველაფრისგან შორს. სახლში  მე,წიგნები და მუსიკა ვიქნებოდით და მხოლოდ იგი გაამართლებდა სახელს “სახლი”,რადგან  იქ ვიგრძნობდი თავს მშვიდად,მხოლოდ იქ მომაკითხავდა ჩემი სიმშვიდე.

პატარა, თბილ ფერებში გაწყობილი, ბუხრით, წიგნის სუნით გაჟღენთილი და რათქმაუნდა სიმშვიდით სავსე. -აი როგორი იქნება ჩემი მომავალი სახლი. 

მწერალი დაწერდა,მხატვარი დახატავდა,კომპოზიტორი კი ლამაზ მუსიკას შექმნიდა,რომელიც ასე მოუხდებოდა ჩემს სახლს. სახლი ყველაზე ლამაზი მაინც შემოდგომას და ზამთარს იქნება. ზამთრის სიცივეში სითბოს,რომ გამოასხივებს,ხოლო შემოდგომას კი იდუმალებით მოცული გახდება. გააღებ კარს და რაც არ უნდა აღელვებული იყო უმალ დამშვიდდები,გათბები. სახლი,რომელიც შენი მეგობარი და მესაიდუმლე იქნება, დაგეხმარება გაგინელოს ტკივილი და იგრძნო,რომ მარტო არ ხარ (სულიერად).

მინდა იწვიმოს და გავიგო როგორ შხაპუნობს წვიმა, მინდა ითოვოს და ვხედავდე,როგორ ათეთრებს არემარეს, ვხედავდე ფოთოლცვენას.

და მხოლოდ ჩემი სახლის ფანჯრიდან დავინახავდი მთელ სამყაროს,უსასრულობას.

ჩემი მშვიდი სახლი!

ჩემი პატარა ბიბლიოთეკა..

მოდის..

მოდიოდა,მოდიოდა თავისი მშვიდ სამყაროსთან ერთად. მოჰქონდა უამრავი ფიქრი და ოცნება.. მოდიოდა,მაგრამ არა არ მოდიოდა.. ეს გარეგნულად ჩანდა. უფრო მოფრინავდა,მონარნარებდა. უცბად შედგა და გაჩერდა,არემარე მოათვალიერა,სახე გაუბრწყინდა, თანაც დაეძაბა. თითქოს რაღაცის დაჭერას ცდილობს გონებაში.ეშინია არ გაუფრინდეს. მოდის გაბრწყინებული თანაც დაძაბული.
ვინ არის იგი ახლა? არ იცის.. თუმცა არა, იცის,მაგრამ ვერ აუხსნია. ეძებს და მუდმივ ძებნაშია,მაგრამ დამშვიდდა და ეს სიმშვიდეც სახეზე შეეტყო. თითქოს გარშემო ყველაფერი მას დაემსგავსა. რაღაც შეიცვალა,მაგრამ რა? ვერ ჩასწვდა და გააგრძელა სიარული. ერთი გრძნობა მეორეს ცვლიდა.. ეცინება,საკუთარ თავს დასცინის. რამ გააცინა ახლა.. გაბრაზდა,სიწითლემ გადაურბინა. აი, ხედავს,ხედავს ის მოვიდა,უშველის,გადაარჩენს,ამოყვანს ამ ჯურღმულიდან.. სიმშვიდე მოდის. არა,არ მოდის,მაგრამ ჰომ უახლოვდება.. ვერ იპოვა შესაფერისი სიტყვა. საბოლოოდ მოვიდა,მოვიდა სიმშივდე,გაქცეული სადღაც კუთხეში მიმწყვდეული სიმშვიდე მოვიდა.. ისევ გალამაზდა მისი სამყარო, ისევ დამშვიდდა და მშვიდი ნაბიჯით გააგრძელა სიარული.
უკვე აღარ ეშინია,აღარც ფორიაქობს. ჰომ თქვა,რომ გადაარჩენდა,თქვა და გადაარჩინა კიდეც. მოდის ის და მისი სიმშვიდე. ასე,რომ ალამაზებს,ასე,რომ უხდება. ეუბნებოდნენ როგორ დამშვენდიო.. მას კი ეცინება. ის,ის ეხმარება. “ვერ გაიგებენ”-გაიფიქრა.
სხივები,ლამაზი სხივები.. სადიან მოდის? ააჰ,როგორ დამავიწყდა.. მისგან,რა თქმა უნდა, ის და მისი სიმშვიდე ასხივებენ.
ის კარგად არის და იქ,შიგნითაც აღარ ეწინააღმდეგებიან. მოდიოდა,მოდის,მოვააააა….

Come away with me…

წამოდი შორს ჩემთან ერთად, წამოდი და დაგიწერ ლამაზ სიმღერას. წავიდეთ იქ,სადაც  ვერავინ გვაცდუნებს ტყუილით.. მინდა წვიმაში ვისეირნო შენთან ერთად,მონდორში,სადაც ბალახი ჩვენს კოჭებს სწვდება. იქნებ სცადო და წამოხვიდე.

წავიდეთ და გაკოცებ მთის წვერზე,წამოდი და მუდამ მეყვარები. მინდა გავიღვიძო და გავიგო,როგორ შხაპუნობს წვიმა სახურავზე,სანამ  შენ გეხუტები..

ამიტომ გთხოვ წავიდეთ,გავექცეთ რეალობას,დავტკბეთ ბუნების სილამაზით,გავხედოთ ჰორიზონტს,დაგამშვიდებ და გეტყვი,რომ იქ სადღაც შორს ყველაფერი განსხვავებულია.. ჰო,ზუსტად ისეთი,როგორზეც ვოცნებობდით. წავიდეთ,გავფრინდეთ,ვეძებოთ ბედნიერება,ვეძებოთ ის,რაც ჩვენთვის ასე ძვირფასია.

პ.ს მადლობა ნორა ჯონსს! ბოლოს ჩემი სიტყვებიც მივამატე 🙂